თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს შეხვედრები გამართა აკრას მერთან ელიზაბეტ ნაა კვატსოე ტავია საკისთან, ასევე, ტურინისა და ერევნის მერის მოადგილეებთან- როსანა პურჩიასთან და ლევონ ჰოვანისიანთან. შეხვედრები წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის შემაჯამებელი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.
მხარეებმა ქალაქების მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების გზებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. დაიგეგმა ორმხრივი ვიზიტები.
„მიხარია თქვენი სტუმრობა თბილისში. ვფიქრობ, ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ, როგორც ქვეყნებს, ისე ქალაქებს შორის. მოხარული ვარ, რომ ესწრებით თბილისში იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის პირველ შეხვედრას და დახურვის ცერემონიას. თბილისს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის ტარება, სამწუხაროდ, რთულ პერიოდში მოუწია, მხედველობაში მაქვს პანდემია, თუმცა, საკმაოდ ღირსეულად ვატარეთ ეს სტატუსი და პროექტი წარმატებით განვახორციელეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მიმდინარე კვირას თბილისში, წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის ბოლო, შემაჯამებელი ღონისძიებები იმართება. წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელის პირველი შეხვედრის ფარგლებში, თბილისი მასპინძლობს ოფიციალურ სტუმრებს იუნესკოდან, გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციიდან, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან და საერთაშორისო საბიბლიოთეკო ასოციაციიდან, ასევე, იმ ქალაქების მერებს და წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის წარმომადგენლებს, რომლებიც უკვე იყვნენ იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქები ან მომავალში იქნებიან.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.