კახა კალაძე - ერეკლე მეორის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივესალმები, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს გმირებს, ისტორიას
ერეკლე მეორის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივესალმები, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს გმირებს, ისტორიას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, ერეკლე მეორის ძეგლი სამგორის რეაბილიტირებულ პარკში განთავსდება.
„აღნიშნულ გადაწყვეტილებას მივესალმები. ჩვენ დაწყებული გვაქვს ე.წ. სამგორის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ინიციატივა აღნიშნულ პარკში ერეკლე მეფის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით, რასაც მივესალმებით. პარკში სამუშაოები მალე დასრულდება, მეორე ეტაპი იქნება უკვე ძეგლის პროექტის განხორციელება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პატივი უნდა ვცეთ ჩვენს გმირებს, ჩვენს ისტორიას. ერეკლე მეორემ თავისი ბრძოლისუნარიანობით, გადადგმული ნაბიჯებით, პრაგმატული პოლიტიკით საქართველოს შეუნარჩუნა ქრისტიანული იდენტობა, რაც ჩვენი ევროპული იდენტობის ნაწილია“, – განაცხადა კახა კალაძემ.