კახა კალაძე - ექვსი წლის წინ ქართველმა ხალხმა გააკეთა ისტორიული არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ და უარი უთხრა ადამიანის ღირსების შელახვაზე დაფუძნებულ დანაშაულებრივ რეჟიმს
ზუსტად ექვსი წლის წინ, 2012 წლის პირველ ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა გააკეთა ისტორიული არჩევანი თავისუფლების სასარგებლოდ და უარი უთხრა ადამიანის ღირსების შელახვაზე დაფუძნებულ დანაშაულებრივ რეჟიმს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მმართველი გუნდის შეკრების შემდეგ “ქართული ოცნების” ოფისში განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, 2012 წლამდე, ქართული სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ ყალიბდებოდა აღმოსავლური ტიპის დიქტატურად, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო დასავლურ ღირებულებებთან.
„როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ამ რეჟიმის ყველაზე მძიმე დანაშაულები იყო: ძალადობა; კორუფცია; მედიის თავისუფლების ტოტალური შეზღუდვა; რუსეთისთვის ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ჩაბარება”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ქართველი ხალხის წინაშე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები მეხსიერებიდან არ იშლება.
„ამ დანაშაულთა გამო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქართველი ამომრჩევლისგან, „ქართული ოცნების“ ძალისხმევით, რომლის დამფუძნებელი, სულის ჩამდგემლი გახლავთ ბიძინა ივანიშვილი, მიიღო საკადრისი პასუხი როგორც 2012 წელს, ისე ყველა შემდგომ არჩევნებში. „ქართული ოცნების“ ექვსწლიანი მმართველობის შედეგად, ჩამოყალიბდა ადამიანზე და მისი ღირსების პატივისცემაზე ორიენტირებული სახელმწიფო სისტემა: აღიკვეთა ადამიანებზე ძალადობის პრაქტიკა: აღიკვეთა პატიმრების სისტემური წამება და გაუპატიურება, 12-ჯერ შემცირდა ციხეებში პატიმრების სიკვდილიანობა, ორნახევარჯერ შემცირდა პატიმრების რაოდენობა, სახელმწიფო აღარ უპირისპირებს სისასტიკეს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას; აღიკვეთა ელიტური კორუფცია და ბიზნესის ტოტალური რეკეტის პრაქტიკა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი იყო; დასრულდა ხელისუფლების ტოტალური მონოპოლია მედიასაშუალებებზე. უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი ყველაზე მაღალი ევროპული სტანდარტით”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თვისებრივად გაუმჯობესდა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხარისხი, გაღრმავდა სტრატეგიული თანამშრომლობა ევროკავშირთან, ნატო-სთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
„უზრუნველყოფილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. არასდროს საქართველო ისე ახლოს არ ყოფილა დასავლეთთან, როგორც დღეს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში დღეს მმართველი გუნდის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.