კახა კალაძე - ექიმების ჩარევა საჭირო თუ იქნება, პენიტენციური სისტემა მზად არის, მიხეილ სააკაშვილს ყველანაირი მომსახურება გაუწიოს
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს სათანადო ყურადღება მიექცევა და როგორც ყველა პატიმრის, მისი ჯანმრთელობაც უზრუნველყოფილი იქნება.
„ექიმების ჩარევა თუ იქნება საჭირო, რა თქმა უნდა, როგორც ყველა პატიმრის, მისი ჯანმრთელობაც იქნება უზრუნველყოფილი. პენიტენციური სისტემა მზად არის, ყველანაირი მომსახურეობა გაუწიოს პატიმარს, თუ მას ამის საჭიროება და აუცილებლობა ექნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა ფატალური შედეგით თუ დასრულდება, ვინ იქნება ამაზე პასუხისმგებელი, კალაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილისთვის შიმშილობა არავის დაუვალდებულებია.
„პირველ რიგში, იმ ვითარებასა და მოცემულობაზე თვითონ პატიმარი არის პასუხისმგებელი. არავის დაუვალდებულებია შიმშილობა“, – განაცხადა კალაძემ.
კიდევ ერთ კითხვას, რომ მიხეილ სააკაშვლის შიმშილობასთან დაკავშირებით სხვადასხვა განცხადება კეთდება და მასაც ხომ არ სჯერა, რომ საკაშვილი არ შიმშილობს, კალაძემ ასე უპასუხა: „ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა განცხადება მოვისმინეთ. ასე რომ, კარგი იქნება, მივმართოთ შესაბამის სამსახურებს, გამოამჟღავნოს და გამოაქვეყნოს ეს ყველაფერი“, – განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება სააკაშვილის მხარდასაჭერად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხვალისთვის დაგეგმილ აქციას, კალაძე ამბობს, რომ კანონის ფარგლებში ყველას აქვს უფლება, ჩაატაროს აქცია და პროტესტი ამ სახით გამოხატოს. ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ არანაირი საუბარი არ მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით და ამაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„არანაირი მსჯელობა არაა ამასთან დაკავშირებით. სააკაშვილი არის მსჯავრდებული, მას აქვს მისჯილი კონკრეტულ დანაშაულებზე და სხვა საქმეებზე მიმდინარეობს გამოძიება, დაველოდოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.