კახა კალაძე - „ენკასთან“ თუ შეწყდა ხელშეკრულება, ახალი ინვესტორის მოსაძებნად ყველაფერი უნდა გაკეთდეს
ენერგეტიკის დარგისთვის პირდაპირ ვიტყვი უკან გადადგმული ნაბიჯია, როდესაც ასეთი პროექტები ჩერდება. ჩვენ ქვეყანას რა რესურსიც გააჩნია მაქსიმალურად უნდა იყოს რაციონალურად გამოყენებული, რომ ენერგეტიკულად, ენერგიის თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა გახდეს დამოუკიდებელი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანას ამის რესურსი გვაქვს და მისი არგამოყენება ძალიან ცუდი იქნება.
„ამ კომპანიასთან თუ შეწყდა ხელშეკრულება ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ძალიან სწრაფად მოიძებნოს ინვესტორი, ვინც ამ პროექტს განახორციელებს, რადგან ენერგოდამოუკიდებლობისთვის, იმისთვის, რომ ენერგია მიეწოდებოდეს ქვეყნის მოსახლეობას, ეკონომიკის განვითარებასთან ერთად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კალაძემ.
კომპანია „ენკა რინიუებლზი“, რომელსაც „ნამახვანჰესი“ უნდა აეშენებინა, საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენი კომპანიის შვილობილმა, ENKA Renewables-მა საქართველოს სახელმწიფოსთან 2019 წლის 25 აპრილს ხელი მოაწერა ნამახვანის კასკადის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განვითარების, მშენებლობის, მართვისა და ექსპლუატაციის შეთანხმებას, რომელიც უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს. კომპანია ატყობინებს საქართველოს სახელმწიფოს ამ შეთანხმების შეწყვეტის თაობაზე, ხელშეკრულების დარღვევისა და ფორსმაჟორის გამო“, – აღნიშნულია კომპანია „ენკას“ განცხადებაში.
ამასთან, კომპანია „ენკას“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ „აუცილებლად გააგრძელებენ კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის“.
ამასთან, უწყებაში განმარტავენ, რომ მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ ნამახვანი ჰესების კასკადის პროექტი, ასევე ზოგადად ნებისმიერი ინვესტორის ინტერესი.