კახა კალაძე - ელიავას ბაზრობის მეპატრონეებთან ერთად გვაქვს იდეა, ტერიტორია გახდეს ევროპული დონის სავაჭრო ცენტრი
ელიავას ბაზრობის მეპატრონეებთან ერთად გვაქვს იდეა, ტერიტორია გახდეს ევროპული დონის სავაჭრო ცენტრი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „აიპრესთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გენგეგმაში წერია, რომ უნდა განისაზღვროს, როგორ და ფორმით უნდა მოხდეს ამ ტერიტორიის განვითარება.
მისივე თქმით, კონკრეტულ გადაწყვეტილებას მოვაჭრეებთან შეხვედრის შემდეგ მიიღებენ.
ქალაქის მერის განცხადებით, ელიავას ბაზრობის მფლობელებს თავად აქვთ სურვილი ტერიტორია ევროპული დონის სავაჭრო ცენტრად აქციონ.
„ყველა ვთანხმდებით რომ, იმ მოცემულობით, რაც დღეს გვაქვს, ელიავას ბაზრობაზე, კატეგორიულად მიუღებელია ყველასთვის. პირველ რიგში ირგვლივ მცხოვრები ადამიანებისთვის, ჩვენთვის, ქალაქის მთავრობისთვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული. ჩვენ გვქონდა ელიავას ბაზრობის მფლობელებთან კომუნიკაცია. ორი ალტერნატივაა, ერთი ბაზრობის გადატანა, სხვა კონკრეტულ ლოკაციაზე და მეორე, უკვე ამ არსებული ტერიტორიის მოწესრიგება, გათანამედროვება, რომ მიიღოს ნორმალური სახე, როგორც განვითარებულ ევროპულ ქალაქებშია“, – განაცხადა კახა კალაძემ.