კახა კალაძე - ელიავას ბაზრობის ფუნქციონირება დღეს არსებული ფორმით არავის მოგვწონს, სერიოზული დისკომფორტია
განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში, რომელიც უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს, მოხდება ელიავას ბაზრობაზე არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ელიავას ბაზრობის არსებული ფორმით დარჩენა მიუღებელია.
„ელიავას ბაზრობის უსისტემო განვითარებით, პრობლემები ყველასთვის ცნობილია. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ და რა ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული, რათა არსებული პრობლემა მოგვარდეს. არავის მოგვწონს ელიავას ბაზრობის ფუნქციონირება იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს დღეს ხდება. ეს წარმოადგენს სერიოზულ დისკომფორტს, პირველ რიგში იქ მომუშავე ადამიანებისთვის და ასევე ყველა იმ ადამიანისთვის რომელიც მიდის სხვადასხვა ნივთების შესასყიდად. ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა ელიავას ბაზრობის მეპატრონეებთან. საკმაოდ დიდი ჯგუფია. ჩვენი ხედვა წარვუდგინეთ. ბევრი იყო საუბარი სხვადასხვა მიმართულებებზე, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ელიავას ბაზრობის შემდგომი განვითარება, იყო საუბარი, ხომ არ გადაგვეტანა ქალაქის სხვა რომელიმე ადგილზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობას უკვე დამტკიცებული გენგეგმის ფარგლებში მინიჭებული აქვს სავაჭრო ზონის სტატუსი, შესაბამისად, მოხდება ტერიტორიის მოწესრიგება.
„ჩვენ მუშაობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი, იმ ფორმით დარჩენა, როგორც ეს დღეს არის, კატეგორიულად მიუღებელია და მეორე, ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას, განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში, რომელიც უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს, მოხდეს არსებული მდგომარეობის გამოსწორება. ქალაქის განვითარებასთან ერთად სავაჭრო ობიექტის არსებობა, რომელიც არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს, ასეთი ფორმით შენარჩუნება მიუღებელია. ეს არის აქტიური ეკონომიკური ზონა და მნშვნელოვანია, როგორც მოვაჭრისთვის, ასევე მომხმარებლისთვის. ჩვენ შარშან დავამტკიცეთ გენგეგმა. სადაც ამ ზონას შენარჩუნებული აქვს სავაჭრო ზონის სტატუსი. ჩვენ გვინდა, რომ გენგემის ფარგლებში მოხდეს არსებული სიტუაციის გაჯანსაღება. განაშენიანების რეგულირების გეგმაში, რომელიც უნდა გააკეთოს დედაქალაქის ურბანულმა სამსახურმა, დეტალურად იქნება გაწერლილი გზათა ქსელი, კომუნიკაციები, რეკრეაციული სივრცეები და სავაჭრო სივრცეების მოწყობის ერთიანი გეგმარება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ამ ნაბიჯებით მოხდება ტერიტორიის გაჯანსაღება.
„რომ არ იყოს სპეკულირება და არ გამოიყენონ ვიღაცებმა ბოროტად, ვიტყვი, რომ ჩვენ ხელს არ ვუშლით იქ დასაქმებულ რამდენიმე ათას ადამიანს. თუმცა, ამ ფორმით გაგრძელება შეუძლებელია. შესაბამისად, მოხდება ტერიტორიის გაჯანსაღება“, – განაცხადა კახა კალაძემ.