კახა კალაძე - ეკონომიკურად საინტერესო პროექტები უნდა განვახორციელოთ, რომ ადამიანების დასაქმება მოვახერხოთ
კახა კალაძე - ეკონომიკურად საინტერესო პროექტები უნდა განვახორციელოთ, რომ ადამიანების დასაქმება მოვახერხოთ

ჩვენ უნდა განვახორციელოთ ეკონომიკურად საინტერესო პროექტები, რომ მოვახერხოთ ადამიანების დასაქმება, შევქმნათ სამუშაო ადგილები და არა ის, რომ ვიღაც დაჯდეს სახლში და დაელოდოს, რომ მას სახელმწიფო დაეხმარება, – ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას გააკეთა.

„დედაქალაქის მოსახლეობამ მხარი დამიჭირა იმ პროგრამით, რომელიც მე მქონდა წინასაარჩევნოდ წარმოდგენილი და შესაბამისად, მთელი ორი თვის განმავლობაში ვატარებდი საარჩევნო კამპანიას, ვუხსნიდი დედაქალაქის მოსახლეობას, თუ რის გაკეთებას ვაპირებდი 4 წლის განმავლობაში.

შესაბამისად, ვალდებული ვარ, ჩემი დანაპირები შევასრულო და ბიუჯეტი, რომელიც არის ჩვენს მიერ წარმოდგენილი, ითვალისწინებს ყველა იმ პროექტს და პროგრამას, რომელიც ჩვენი მხრიდან ჟღერდებოდა საარჩევნო კამპანიის დროს.

ჩვენ ამ პროექტებს აუცილებლად განვახორციელებთ. რაც შეეხება სოციალურ მიმართულებას, სამწუხაროდ, ბევრია ადამიანი, ვისაც სჭირდება დახმარება, ვისაც სჭირდება ხელის შეწყობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველწლიურად სოციალური მიმართულებით ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს.

პირიქით, ჩვენ მეტი ეკონომიკურად საინტერესო პროექტები უნდა განვახორციელოთ, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომ ამ ადამიანების დასაქმება მოვახერხოთ და შევქმნათ სამუშაო ადგილები და არა ის, რომ ვიღაცა დაჯდეს სახლში და დაელოდოს, რომ სახელმწიფო დაეხმარება. ეს მიდგომა არასწორია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მთავარი არის სამუშაო ადგილების შექმნა. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა დღეს ქვეყანაში”, –  განაცხადა კახა კალაძემ.