ისტორიული უბნების რეაბილიტაციისთვის 2018 წელს 62 მილიონი ლარი დაიხარჯება
თბილისის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე 2018 წლის გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალი გუნდის პრიორიტეტი ძველი თბილისის ისტორიული იერსახის აღდგენაა.
ამასთან, კალაძის განცხადებით, ტრანსპორტის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები იგეგმება.
“2018 წლის ყველა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად , პრიორიტეტული იქნება დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის განვითარება. კერძოდ, მუნიციპალური ტრანსპორტის გაუმჯობესება. ამ მიმართულებით იგეგმება მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რათა დედაქალაქის მოსახლეობისთვის კომფორტული გახდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გარდა ამისა, განხორციელდება საგზაო პროექტები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც დედაქალაქის კონკრეტულ მონაკვეთებში მნიშვნელოვნად განტვირთავს საავტომობილო მოძრაობას. ამ მიმართულებით ვიცით, რომ სერიოზული უკმაყოფილებაა და პრობლემაა საცობების თვალსაზრისით. 2018 წლის პრიორიტეტი დედაქალაქის ისტორიული იერსახის აღდგენა იქნება. ჩვენ გასული წლის ბოლოს, დეკემბერში დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება – ეს არის ორბელიანის მოედნის და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, 2018 წელს ისტორიული უბნების რეაბილიტაციისთვის 62 მილიონი ლარი გამოიყოფა.
კახა კალაძის განცხადებით, წელსვე დაგეგმილია გუდიაშვილის მოედნის, მშრალი ხიდის, მისი მიმდებარე ტერიტორიის და 9 მარტის ბაღის რეაბილიტაციაც.
“მე მგონია, რომ ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის აღდგენა- რეაბილიტაცია ჩვენი გუნდისთვის ამ ოთხი წლის განმავლობაში არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, ეს არის ის სიმდიდრე, რომელიც ჩვენს ქალაქს აქვს და ამ ყველაფერს სჭირდება მოვლა-პატრონობა“, – განაცხადა კალაძემ.