კახა კალაძე - ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი მოხდა მეტრო „ისანში“, ეს არის პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფა
მეტრო „ისანში“ მომხდარი ფაქტი იყო ძალიან შემაშფოთებელი, დაველოდოთ გამოძიების დასრულებას, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღმაშფოთებელია, როდესაც ასეთი ფაქტი სამწუხაროდ ხდება, მით უმეტეს, არასრულწლოვანზე და შშმ პირზე.
„მეტროსადგურ „ისანში“ მომხდარი ფაქტი იყო ძალიან შემაშფოთებელი. აღმაშფოთებელია, როდესაც ასეთი ფაქტი სამწუხაროდ, ხდება, მით უმეტეს, არასრულწლოვანზე და შშმ პირზე. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ მის დასრულებას. ეს არის პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფა. ზოგადად პოლიციელი ასოცირდება გმირობასთან. ეს არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად ყველაფერს აკეთებენ, რათა ქვეყანაში იყოს წესრიგი და მშვიდობა. ამასთან, მისასალმებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მყისიერი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისში, ისნის მეტროსადგურში პოლიციელი ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდა. გავრცელებულ კადრებში, რომელიც მოქალაქემ გადაიღო და მედიასაშუალებებს მიაწოდა, ჩანს, რომ სამართალდამცველებს ბიჭი მეტროს ქვედა ტერიტორიიდან ესკალატორით ზემოთ ამოჰყავთ, რა დროსაც მათ თანმხლები პირი უხსნის, რომ ახალგაზრდა განსაკუთრებული საჭიროების მქონეა, არ ესმის, არც საუბარი შეუძლია და მათ კითხვებს ვერ უპასუხებს. ამის მიუხედავად, როგორც კადრებიდან ჩანს, მოქალაქე სამართალდამცველებს სავარაუდოდ მანდატურის ოთახში გადაჰყავთ, რა დროსაც ერთ-ერთი პოლიციელი ახალგაზრდას ფიზიკურად უსწორდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ შსს პირველ რიგში გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი.