კახა კალაძე - ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ბოლო ერთ წელში გაკეთდა, თუმცა რჩება ბევრი პრობლემა, რომლებსაც სჭირდება ღირსეული პასუხები
ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაკეთდა სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა, ცხადია, თვითკმაყოფილი არავინ არის, ქვეყანაში არის კიდევ ბევრი პრობლემა, რომლებსაც სჭირდება ღირსეული პასუხები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაკეთდა და განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით. არ დარჩენილა დარგი, რომელსაც პრემიერი არ შეეხო და არ ისაუბრა განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც მოხერხდა ამ ერთი წლის განმავლობაში. თუმცა, ცხადია, ამით თვითკმაყოფილი არავინ არის, ქვეყანაში არის კიდევ ბევრი პრობლემა, რომლებსაც სჭირდება ღირსეული პასუხები. პრემიერმა ასევე ისაუბრა რეფორმაზე განათლების მიმართულებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც მომავალ წელს განხორციელდება.
„ერთ-ერთი არის ახალი მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება დედაქალაქში. სამგორიდან ლილოს მიმართულებით დაახლოებით რვა ახალი მეტროსადგური აშენდება ამ პროექტის ფარგლებში და ასევე შესაძლებელი იქნება სამგორიდან აეროპორტის მიმართულებით მოემსახუროს მიწისზედა მეტრო მგზავრებს. დაახლოებით 80 მილიონი დაიხარჯება ამ პროექტზე. უახლოეს დღეებში გამოცხადებული იქნება პროექტზე ტენდერი და წლის ბოლომდე გვექნება სრული ინფორმაცია, მონაცემები პროექტის შესახებ და დავიწყებთ განხორციელებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.