ძალიან მინდა, ოპოზიცია ბოღმით არ დაიხრჩოს, არ მოკვდეს და ახალ წლამდე მიაღწიოს, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ოპონენტების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებულ საახალწლო განათებებს ნაწილები სცვივა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, წლევანდელი თბილისი იქნება საუკეთესოდ განათებული.
“მესმის, რომ ეს პარტიულ ტელევიზიას და გაკოტრებულ პარტიას არ სიამოვნებს, მაგრამ ჩემთვის მთავარი და მნიშვნელოვანია საზოგადოება, ძალიან მნიშვნელოვანია ხალხი. შესაბამისად, თბილისი არის კმაყოფილი და გაძლევთ პირობას, რომ ის იქნება საუკეთესოდ განათებული. თუმცა, მომავალ წლებში უფრო უკეთესი იქნება, რადგან დრო იყო ძალიან ცოტა. სულ რაღაც ერთი თვეა დავიწყეთ მუშაობა, რაც მოვახერხეთ, ეს იყო“, – განაცხადა კალაძემ.