კახა კალაძე - ძალიან მძიმეა, როდესაც ვხედავთ ევროპის სხვადასხვა ქალაქში გამართულ შეხვედრებზე ყოფილ თანამდებობის პირებს, რომლებსაც უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი
არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ უკრაინის მხარე საქართველოს გადმოსცემს დამნაშავეებს, რადგან წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, უკრაინა იქცა კრიმინალების თავშესაფრად, ეს ძალიან ცუდია და, რბილად რომ ვთქვათ, აზიანებს ურთიერთობებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უკრაინის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასა და საქართველოს პროკურატურის მიერ ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირების მოთხოვნაზე.
„არ ვიცი, რა გადაწყვეტილება იქნება. ასევე, ძალიან ცუდი იყო ევროპულ ქვეყნებში იმ კრიმინალების ვიზიტები, რომლებსაც კონკრეტული მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. შესაბამისად, ესეც, რა თქმა უნდა, აზიანებს იმ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან გვაქვს“, – განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერს ასევე კითხვა დაუსვეს ევროსტრუქტურებში გამართულ შეხვედრებში ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე.
„რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, როდესაც ვხედავთ ასეთ გადაწყვეტილებებს, როდესაც ვხედავთ ამ ადამიანებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში, ოფიციალურ შეხვედრებზე, რადგან ეს ადამიანები არ არიან უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანები, ისინი არიან კონკრეტული თანამდებობის, ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებსაც აქვთ უმძიმესი დანაშაულები ჩადენილი. ქართველი ადამიანის წარმოდგენაში რა არის ევროპა, ევროპული ღირებულებები ზოგადად – ევროპა დაფუძნებულია იმ ფუნდამენტურ ფასეულობებსა და პრინციპებზე, რაც თითოეული ჩვენგანისთვის არის მნიშვნელოვანი, ესენია: სამართლიანობა, სამართლებრივი სახელმწიფოები, ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების დაცულობა და ეს ყველაფერი წლების წინ უგულებელყოფილი იყო და რა ხდებოდა, გვახსოვს. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სამართლიანობასა და სამართლებრივ სახელმწიფოებზე, ასეთი გადაწყვეტილებები და ასეთი ქმედებები, რა თქმა უნდა, აზიანებს ურთიერთობებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.