კახა კალაძე - ძალიან მძიმე და სამარცხვინო ფაქტი მოხდა გუშინ ალეკო ელისაშვილის მონაწილეობით, კიდევ უფრო მეტი უბედურება იყო ის განცხადებები, რაც პირდაპირ ძალადობის წახალისებაა
Ჩვენ, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებმა, ძალადობას, პოლარიზაციასა და ბულინგს ხელი უნდა შევუშალოთ, რადგან ფიზიკური დაპირისპირება მიუღებელია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ძალიან მძიმე და სამარცხვინო ფაქტი მოხდა გუშინ პარლამენტში ალეკო ელისაშვილის მონაწილეობით.
„კიდევ უფრო მეტი უბედურება იყო ის სტატუსები და განცხადებები, რაც პირდაპირ ძალადობის წახალისებაა. ჩვენ ეს არ გვიკვირს, რადგან ეს ადამიანები რადიკალურ დაჯგუფებას წარმოადგენენ. თავიანთი ტელევიზიებით სწორედ ისინი ახალისებენ ქვეყანაში ძალადობას, პოლარიზაციას, ადამიანების ერთმანეთის მიმართ ბულინგს და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებმა ამგვარ ქმედებებს ხელი უნდა შევუშალოთ, რადგან ფიზიკური დაპირისპირება მიუღებელია“, – განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძემ ისაუბრა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებაზეც, რომელმაც აქციის მსვლელობისას მოქალაქეებს ტრიბუნიდან მიმართა, პარლამენტისთვის ალყა შემოერტყათ.
დედაქალაქის მერის თქმით, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის უფლება დაცულია, თუმცა ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში.
„სამწუხაროდ, ყოველთვის გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ, პროვოკაციული სიტუაცია შექმნან. ჩვენ არაერთი ფაქტის მომსწრენი ვართ, როდესაც მსგავსი ტიპის განცხადებები კეთდება. შემდეგ ისინი, ვისაც ახალგაზრდები შეცდომაში შეჰყავს, აქციიდან იპარებიან. რა თქმა უნდა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია. თუმცა, მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში და მშვიდობიანად გააკეთონ. არავინ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც კანონს მიღმა იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოს, კანონის ფარგლებში, შესაბამისი რეაგირება მოუწევს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.