კახა კალაძე - ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც მთელი ქვეყნის რაღაც ნაწილს ვიღაც ამოგლეჯს, ეს ჩვენც გამოვლილი გვაქვს, მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და საქართველოს
მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, მშვიდობა ვუსურვო საქართველოს და რა თქმა უნდა, აუცილებლად დადგება ის დრო, როდესაც საქართველოც ერთიანი იქნება და უკრაინაც ერთიანი იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება კატეგორიულად მიუღებელია.
„ჩვენი ქვეყანა ორჯერადად არის ოკუპირებული და ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან, რაც ძალიან მტკივნეულია თითოეული ქართველისთვის. ასევე, ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ის განცხადება, რომელიც მთელმა მსოფლიომ მოისმინა გუშინ. სეპარატისტული რეგიონების – ლუგანსკის და დონეცკის აღიარება კატეგორიულად მიუღებელია და რა თქმა უნდა, ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც მთელი ქვეყნის რაღაც ნაწილს ვიღაც ამოგლეჯს. ეს გამოცდილება სამწუხაროდ, ჩვენც გამოვლილი გვაქვს და მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, მშვიდობა ვუსურვო საქართველოს და რა თქმა უნდა, აუცილებლად დადგება ის დრო, როდესაც საქართველოც ერთიანი იქნება და უკრაინაც ერთიანი იქნება“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კითხვაზე უკრაინაში მმართველი გუნდის ვიზიტი ხომ არ იგეგმება, კალაძემ განაცხადა: „საქართველო იყო ერთ-ერთი მოწინავე და პირველი ქვეყანა, ვინც რეზოლუცია მიიღო, რაც მნიშვნელოვანი და მისასალმებელია. ჩვენ ყოველთვის ვიდექით, ვდგავართ და მომავალშიც ვიდგებით უკრაინელი ხალხის გვერდით.“