კახა კალაძე - ძალებს, რომლებსაც ქვეყანაში არეულობის შემოტანა სურთ, ამის უფლებას არ მივცემთ
კახა კალაძე - ძალებს, რომლებსაც ქვეყანაში არეულობის შემოტანა სურთ, ამის უფლებას არ მივცემთ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ტრაგედიით მანიპულირება აშკარად ჩანს.

კახა კალაძემ დაღუპულების ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის ოჯახებს, მათ ახლობლებს. ძალიან მძიმე ფაქტია ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირება. თქვენ იცით, რომ სასამართლომ დღეს გამოიტანა განაჩენი. არის ორი დამნაშავე – ერთს მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მეორეს – 9 წელი და 9 თვე.

ჩვენ ვხედავთ და აშკარად ჩანს, რომ კონკრეტული ძალების მიერ ხდება ამ თემით – ოჯახის ტრაგედიით მანიპულირება, რაც ძალიან სამწუხაროა. ცდილობენ გარკვეული დესტაბილიზაციის შემოტანას ქვეყანაში და მინდა ვუთხრა ჩემი ქვეყნის მოსახლეობას, რომ, რა თქმა უნდა, გამოხატვის უფლება ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანს აქვს და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დააფიქსიროს თავისი მოსაზრება, მაგრამ იმ პირებს, იმ ძალებს, რომლებსაც სურთ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და არეულობა შემოიტანონ, ამის უფლებას არ მივცემთ.

ხელისუფლება იქნება ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე და ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში“, – აღნიშნა თბილისის მერმა.