კახა კალაძე - ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, ვნახეთ ოპოზიციის მხრიდან ორმაგი სტანდარტი, როცა ადამიანს აქვს დანაშაული და გამოჰყავთ გმირად
თბილისის მერი კახა კალაძე ზურაბ ჯაფარიძის საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია.
ამასთან, კალაძე ამბობს, რომ ოპოზიციას ამ მიმართულებით ორმაგი სტანდარტი აქვს, რაც ასევე მიუღებელია.
„არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, კატეგორიულად მიუღებელია ის ძალადობა, რაც ხდება ოპოზიციის მხრიდანაც, რადგან ნახეთ ორმაგი სტანდარტი, სად იკვეთება. როცა ახალგაზრდა ადამიანს აქვს მცდელობა, დაწვას, ესროლოს „მოლოტოვის კოქტეილი“, ამას კონკრეტული ტელევიზიები და კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ასაღებენ გმირად. ძალიან მძიმე და დიდი უბედურებაა, როდესაც ადამიანს აქვს დანაშაული და გამოჰყავთ გმირად, ყოველ შემთხვევაში, აქვთ მცდელობა, რომ გამოიყვანონ გმირად. როდესაც ხდება ასეთი ძალადობა, რაც თქვენ მითხარით, ესეც ძალიან ცუდია, ამიტომ კონკრეტულმა პარტიებმა კეთილი უნდა ინებონ და ყველაფერს დაარქვან თავისი სახელი, თუ გვინდა, რომ ქვეყანაში იყოს სამართლიანობა. როგორ უნდა მომწონდეს ძალადობა, რა თქმა უნდა, მიუღებელია, რა შუაშია ხელისუფლება?“ – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე დაკავებულის მხარდამჭერების შეკრებას, კალაძე ამბობს, რომ ეს არ უკვირს, რადგან ჯაფარიძემ და ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს მას, ვინც პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილს“ ესროდა.
„არ მიკვირს, რომ მხარდამჭერები შეიკრიბებიან, რადგან ადამიანი, რომელიც პოლიციას ესვრის „მოლოტოვის კოქტეილს“ და აქვს მცდელობა, პოლიციელები ცოცხლად დაწვას, შემდეგ მას მხარს უჭერენ ჯაფარიძე და ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები, აქვთ მცდელობა, რომ გმირად გამოიყვანონ. ეს არის ძალიან ცუდი და დამაზიანებელი, ეს არის ბოროტების პირდაპირი წახალისება. არ ვიცი, რა დავარქვა ასეთ ფაქტებს. ცხადია, ეს არის ძალიან მძიმე და ხელი უნდა შევუშალოთ ამ ყველაფერს. ძალიან ცუდია, როცა ასეთი ფაქტების დაფინანსება ხდება და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, საიდან შემოდის ეს თანხები, ვინ აფინანსებს ამ ორგანიზაციებს, ვინ უწყობს ხელს ახალგაზრდების რეკრუტირებას, რევოლუციაზე როდესაც მიდის საუბარი, დაპირისპირებაზე, სისხლზე და ა.შ. უნდა გახდეს საჯარო, რომელი კონკრეტული ორგანიზაცია აფინანსებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერისთვის, ზურაბ ჯაფარიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.