კახა კალაძე - ჟვანიას ქუჩაზე მშენებლობის პროექტი გამართულია, არანაირი პრობლემა არ არის
კახა კალაძე - ჟვანიას ქუჩაზე მშენებლობის პროექტი გამართულია, არანაირი პრობლემა არ არის

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, ჟვანიას ქუჩაზე მშნებლობის პროექტი გამართულია და პრობლემა არ არსებობს, – ასე პასუხობს კალაძე ჟვანიას ქუჩის მოსახლეობას, რომელიც ახალი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.

„საუბარი იყო და მანიპულირებდნენ, თითქოს, არ იყო გეოლოგიური დასკვნა. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ მოვიკითხეთ, არსებობს გეოლოგიური დასკვნა, ანუ პროექტი არის გამართული. არანაირი პრობლემა არ არის ამ პროექტთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისში, ჟვანიას ქუჩის მიმდებარედ მოსახლეობამ სამშენებლო სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით აქცია გამართა.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, აქციის მონაწილეები მთაწმინდისა და კუს ტბის დამაკავშირებელი ქედის ნგრევას აპროტესტებს. მათი განცხადებით, ახალი კორპუსების აშენება ვიწრო ქუჩაზე გადაადგილებას შეუძლებელს გახდის, თუმცა მთავარ საფრთხეს ისინი კლდის მოჭრაში ხედავენ.

მოსახლეობამ დღეს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „სენის“ კვლევა წარმოადგინა და მერიისგან პროექტის შეჩერება კიდევ ერთხელ მოითხოვა. მათი თქმით, ტერიტორია მდინარე ვარაზისხევის კალაპოტს წარმოადგენს, სადაც ნაშალი იყრება და ძლიერი წვიმისა და ღვარცოფის შემთხვევაში მიმდებარე ქუჩებს საფრთხეს უქმნის.