კახა კალაძე - ჟვანიას მოედანზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების შემდეგ გადაადგილებაზე შეფერხებები აღარ იარსებებს
ჟვანიას მოედანზე არსებული კვანძის დიზაინის ცვლილება მოქალაქეებისთვის გადაადგილებას კიდევ უფრო მოსახერხებელს გახდის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ჟვანიას მოედნის რეაბილიტაციის შესახებ სოციალურ ქსელში არასწორ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებენ.
„სოციალურ ქსელში მიმდინარეობს სიცრუის მიზანმიმართული ტირაჟირება, თითქოს საგზაო ზოლს ვამცირებთ ე.წ. გზაგამყოფებით და მწვანე კუნძულებით. წერენ, რომ აქამდე არ იყო საცობები, ახლა კი ჭირს გადაადგილება. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა, ტექნიკის მუშაობა გადაადგილების შეფერხებას იწვევს და საცობი იქმნება. ეს მონაკვეთი მხოლოდ გარკვეული დღეების განმავლობაში გადაიკეტა, რადგან მიწისქვეშა მილები იცვლებოდა. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა წარმოადგინა ფოტომასალა, თუ როგორ გამოიყურებოდა აღნიშნული მოედანი სამუშაოებამდე.
„ჟვანიას მოედნის მონაკვეთზე დღის განმავლობაში მიკროავტობუსებსა და ავტობუსებს 11 მარშრუტზე 60 000-მდე მგზავრი გადაჰყავს. აქ, ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით, ქაოსი იყო, ასევე მოედანზე ე.წ. მცირე ზომის ბოძები იდგა, რაც კუნძულებს ქმნიდა. სამუშაოების შედეგად კი არსებულ კუნძულებს ვამწვანებთ და მათი ფართობი 565-დან 396 კვადრატულ მეტრამდე შეიცვლება. სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კერძო ავტომობილებთან ერთად, საცობში არ უნდა იდგეს. როგორც განვითარებულ ქალაქებში გატარდა აღნიშნული რეფორმა, ჩვენთანაც მისი განხორციელება თბილისზე მორგებული გადაწყვეტილებებით ხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.