კახა კალაძე - დიდია ზეწოლა, მოწოდებები მეორე ფრონტზე, სანქციებზე მიერთებაზე, ვითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც დამაზიანებელი იქნება
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განმარტა, რატომ არ უერთდება რუსეთის მიმართ სანქციებს.
კალაძის განცხადებით, საქართველო სანქციების დაწესებით საკუთარ თავს დააზიანებს.
კახა კალაძეს ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ემსახურებოდა უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორის, მაიკლ მაკფოლის ინტერვიუ.
„ერთი რამ ცხადია, რომ ძალიან დიდია ზეწოლა, მოწოდებები მეორე ფრონტთან, სანქციებზე მიერთებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ზეწოლებისა, არაერთხელ გავაკეთეთ განმარტებები, რატომ არ ვუერთდებით სანქციებს და აქ პირდაპირ არის ნათქვამი, რომ, პირველ რიგში, ვითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ხალხის ინტერესს და არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც, თავიდანვე ვიცით, რომ იქნება დამაზიანებელი.
როცა შენ ასანქცირებ და უერთდები სანქციებს, ამის მიზანი უნდა იყოს სხვისი დაზიანება. მგონი, ყველა ვხვდებით, რომ, მაგალითისთვის, თუ ქართული პროდუქტები არ გავა რუსულ ბაზარზე, ამით ჩვენ რუსულ ეკონომიკას ვერაფერს ვუზამთ, პირიქით, დავაზინებთ საკუთარს, დავაზიანებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ქართულ ეკონომიკას, რატომ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც, ვიცით, რომ დამაზიანებელია?“ – აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, კალაძის თქმით, განცხადებების მიუხედავად, სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველოს გამოყენების ფაქტი ვერავინ მოიყვანა.
„ძალიან ბევრი განცხადება კეთდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ხშირად არის გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის, თუმცა ვერანაირი ფაქტი, კონკრეტიკა, ვერცერთი მაგალითი ამასთან დაკავშირები ვერ იყო მოყვანილი. პირიქით, სანქციებზე მომუშავე ჯგუფმა, რომელიც ჩამოსული იყო, მადლობები გამოუცხადა საქართველოს ხელსუფლებას იმ თანამშრომლობისა და გადადგმული ნაბიჯებისთვის, რაც ამ მიმართულებით კეთდება. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არაფერს გავაკეთებთ ისეთს, რაც დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ყველანაირი თვალსაზრისით, გინდა ეკონომიკურად, გინდა პიარულად და ა.შ.“ – აღნიშნა კახა კალაძემ.
უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორმა, მაიკლ მაკფოლმა „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „ვფიქრობ, პრიგოჟინის ეს ამბოხი და მასზე პუტინის რეაქციაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უკრაინას კი უჭერენ მხარს, მაგრამ თან ესკალაციის ეშინიათ. ფიქრობენ, რომ პუტინი აუცილებლად ესკალაციაზე წავა. და იქნებ კაპიტულაციაზე წავიდეს? დაფიქრდით ამაზე. იქნებ მოლაპარაკებაზე წამოვიდეს, თუ შეხედავს, რომ ამჯერად „ომის წაგების აჩრდილი“ წამოადგა თავს?“