კახა კალაძე - დიდი უბედურებაა, რომ ეროვნულ ინტერესზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც აგენტები არიან, ქართველი ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს
ძალიან დიდი უბედურებაა, რომ ქვეყნის ეროვნულ ინტერესზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ აგენტები არიან, – ამის შესახებ დედქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს „ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, სადაც ხაზარაძე ამბობს: „ნამდვილად არ მინდა, ვინმე ვისურვო დასანქცირებული, მაგრამ როცა საუბარია ჩვენი ქვეყნისა და ეროვნულ ინტერესზე, ყველა მეთოდი მისასალმებელია“.
კახა კალაძის თქმით, ამ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას ქართველი ხალხი არჩევნებზე შესაბამის პასუხს გასცემს.
„ქართველი ხალხი ძალიან კარგად ამჩნევს და ხედავს ყველაფერს, რა მოცემულობაა, ვინ არიან ეს ადამიანები, რითი იკვებებიან, რა არის მათი დღის წესრიგი. შესაბამისად, ისეთი რეიტინგი აქვთ, რასაც იმსახურებენ. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველი ხალხი ამ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას შესაბამის პასუხს გასცემს“, – განაცხადა კახა კალაძემ.