კახა კალაძე - დიდი პატივისცემა მინდა დავუდასტურო ბექა ოდიშარიას, თუმცა თაბორის მთაზე მშენებლობა არ არის მისაღები
დიდი პატივისცემა მინდა დავუდასტურო საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ბექა ოდიშარიას, თუმცა თაბორის მთაზე მშენებლობა არ არის მისაღები, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„რამდენიმე თვის წინ საზოგადოების განხილვის საგნად იქცა დედაქალაქის ტერიტორიაზე ლანდშაფტური მდგომარეობის შენარჩუნებისა და თაბორის N1 განაშენიანების მიზანშეწონილობის საკითხი, სადაც სასტუმროს მშენებლობა იგეგმებოდა. ეს მიწის ნაკვეთი პარლამენტის წევრ ბექა ოდიშარიას საკუთრებაშია. ბექა არის ჩემი მეგობარი და დასამალი არაფერი მაქვს. მეგობრობა, ის ფაქტი, რომ ჩვენ ერთი გუნდის წვერები ვართ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, თუმცა პირველ ადგილზე ყველა ვაყენებთ ქალაქის ინტერესებს, გამოვდივართ დედაქალაქის ინტერესებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე გაცემულია არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება, იქ შესაძლებელია პროექტის განხორციელება, ჩვენ გამოვდივართ ქალაქის ინტერესებიდან“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, აუცილებელია, შეიქმნას კომისია საკითხის გადასახედად და თბილისის მერიას ამ თემაზე მჭიდრო კომუნიკაცია ექნება კულტურის სამინისტროსთან.
რაც შეეხება ლანდშაფტის ზოლს, რომელიც 80-იანი წლების მერე არ განახლებულა; ვფიქრობ, აუცილებელია, შეიქმნას კომისია. დღეს გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა და ეს არის მოსაწესრიგებელი. ამაზე კულტურის სამინისტროსთან გვექნება კომუნიკაცია. მინდა, აღვნიშნო, რომ ბექა ოდიშარია არის კეთილსინდისიერი მფლობელი და არ უნდა დავაზარალოთ, როგორც სხვა შემთხვევებში მოხდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.