კახა კალაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
კახა კალაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა.

დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა დედაქალაქში განხორციელებულ და სამომავალოდ დაგეგმილ პროექტებზე, ასევე, წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.

მათივე ცნობით, საუბარი შეეხო დედაქალაქში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, სატრანსპორტო რეფორმას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს, თბილისის მერიის სოციალურ დაჯანდაცვის პროგრამებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის ერთ-ერთი თემა ასევე იყო წინასაარჩევნო გარემო და კახა კალაძის, როგორც თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის სამომავალო გეგმები.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მისი საარჩევნო კამპანია მხოლოდ პოზიტიურიდა საქმეზე ორიენტირებულია. მისივე თქმით, თბილისის მოსახლეობის მხარდაჭერა, რომელსაც მუდმივად გრძნობს, ასევე, ის მასშტაბური და ძალიან საჭირო პროექტები, რაც დედაქალაქში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდა, აძლევს პირველივე ტურში გამარჯვების მყარ იმედს.

„საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა მარკ კლეიტონმა, ბრიტანეთის მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლატიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნულია თბილისის მერიის  ინფორმაციაში.