კახა კალაძე - დიდ დიღომში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, დამონტაჟდება შესაბამისი საპარკო ინვენტარი, მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა
საბურთალოს რაიონის გამგეობა დიდ დიღომში, მე-4 მიკრორაიონში, საბავშვო ბაგა-ბაღ „ხუთკუნჭულას“ მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის რეაბილიტიციას ახორციელებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 1 000 000 ლარია.
„პროექტის ფარგლებში 7 000 კვ.მ ფართობზე განახლდება სკვერის სივრცე და დამონტაჟდება შესაბამისი საპარკო ინვენტარი. მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა, განათებისა და სარწყავი სისტემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა დედაქალაქის გამწვანების მიმართულებაზე, რომლის ფარგლებშიც, კალაძის განმარტებით, არაერთი პროექტი მიმდინარეობს.
კალაძის თქმით, გლდანის VIII მ/რ-ში, N28, 29 და 33 კორპუსის მიმდებარედ, 10 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა.