კახა კალაძე - დიალოგი, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის
კახა კალაძე - დიალოგი, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის

თბილისის მერი კახა კალაძე მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პოლიტიკურ მოლაპარაკებებს მიესალმება და აცხადებს, რომ აღნიშნული მიმართულებით, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

ამის შესახებ მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტისა და პოლიტიკურ მხარეებს შორის ევროკავშირის მედიაციის პროცესის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მოლაპარაკებები, დიალოგი, საუბარი ნორმალურად, როგორც ეს ცივილიზებულ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება – მმართველი პარტია და ოპოზიცია ვსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის. კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მმართველმა პარტიამ არაერთხელ განაცხადა მზადყოფნა იმისთვის, რომ გარკვეული შეთანხმებები მოხდეს. ეს ყველაფერი მისასალმებელია, მე ძალიან მომწონს. ჩვენი მხრიდან კომპრომისები არის, თუმცა არსებობს „წითელი ხაზები“ და ამაზე საჯაროდაც გვისაუბრია“, – განაცხადა კახა კალაძემ.