კახა კალაძე - დღესასწაულები ვერ იქნება წესების დროებით შეჩერების საბაბი, დღესასწაულებისა და რიტუალების გამო არ შეჩერდება საერთო მტერი, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია
საკუთარი რწმენისა და საზოგადოების წინაშე, საკუთარი მიწა-წყლის წინაშე, რომელსაც სამშობლოს ვეძახით, ვალდებულები ვართ, გავითვალისწინოთ ელემენტარული რამ – დავრჩეთ სახლში! ეს არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ დავიცვათ ერთმანეთი და ერთმანეთის სიცოცხლე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„რასაკვირველია, არც მართლმადიდებლების, ისევე, როგორც სხვა კონფესიების დღესასწაულები ვერ იქნება გამოცხადებული წესების დროებით შეჩერების საბაბი და ამ დღესასწაულებისა და რიტუალების გამო არ შეჩერდება საერთო მტერი, რომელსაც ვერ ვხედავთ და კორონავირუსი ჰქვია, რომელიც, შეიძლება ითქვას, სიკვდილის ცელით დადის მთელ მსოფლიოში და საშინელ კვალს ტოვებს. ჩვენ ვნახეთ, რამდენი ადამიანი დაიღუპა ევროპულ ქვეყნებში. იგი ძალიან მძიმე შედეგებს ტოვებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საკუთარი რწმენის სიმყარე, საკუთარი რიტუალების დაცულობა შესაძლებელია იმ პირობებშიც და იმ წესების დაცვით, რაც ამ ეტაპზე არის საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი.
„დარწმუნებული ვარ, ამ შეთანხმების ფარგლებში ჩვენი სულიერი მამები, საპატრიარქო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ქვეყანაში არსებული წესების დაცვას, შეუწყობს ხელს მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვას და ილოცებს ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის. გუშინაც ვთქვი, ქვეყანაში მოქმედებს ერთიანი საკარანტინო წესები, მოქმედებს კომენდანტის საათი და ეს ეხება უკლებლივ ყველა დღეს, გამონაკლისის გარეშე, ასევე წესების დაცვა ეხება ყველას გამონაკლისის გარეშე. ქრისტეს ქადაგება აგებული იყო სიყვარულზე, რასაც ერთი სიტყვით თუ აღვწერთ, დამყარებულია ჰუმანიზმზე. შესაბამისად, მისი მიმდევრების, მისი სწავლების გამზიარებლების მსოფლმხედველობა, ყოველდღიური საქმიანობა დამყარებულია მოყვასის, ადამიანისადმი, სამყაროსა და სიცოცხლისადმი სიყვარულზე. არც ერთი პატარა ნაწილაკი აგრესიის, გაუცხოებისა და განსხვავებული ადამიანებისადმი სიძულვილის არ არსებობს იესოს მოძღვრებაში. ამიტომ, ჩვენ, ყველა, საკუთარი რწმენისა და, რასაკვირველია, იმ საზოგადოების წინაშე, სადაც ვცხოვრობთ, საკუთარი მიწა-წყლის წინაშე, რომელსაც სამშობლოს ვეძახით, ვალდებულები ვართ, გავითვალისწინოთ ელემენტარული რამ – დავრჩეთ სახლში! ეს არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ დავიცვათ ერთმანეთი და ერთმანეთის სიცოცხლე“, – განაცხადა კახა კალაძემ.