კახა კალაძე - დღეს „სკაიპით“ ვესაუბრე თოვლის ბაბუას, გზაშია, გელოდებით, 28 დეკემბერს ერთად დავხვდეთ
გელოდებით ყველას 28 დეკემბერს რესპუბლიკის მოედანზე, რომ ერთად დავხვდეთ თოვლის ბაბუას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, 28 დეკემბერს გაიხსნება საახალწლო სოფელი.
„28 დეკემბერს ვხსნით საახალწლო სოფელს, რომელიც იქნება ჯადოსნური, ძალიან ლამაზი. მინდა, ყველა დავპატიჟო. მობრძანდით შვილებით, შვილიშვილებით. ყველა თაობის ადამიანს ვიწვევ 28 დეკემბერს 20:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე. გარდა ამისა, თოვლის ბაბუაც მოდის, გზაშია. დღეს მქონდა კომუნიკაცია და „სკაიპით“ ვესაუბრე თოვლის ბაბუას, ძალიან მალე ჩამობრძანდება და გაახარებს ჩვენს პატარებს, შვილებს და მომავალ თაობებს. ასე რომ, გელოდებით ყველას, ერთად დავხვდეთ თოვლის ბაბუას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, 28 დეკემბერს თბილისში გაიმართება „გუფილენდის“ კონცერტი, შოუს განაგრძობს დიჯეი.
კახა კალაძის თქმით, თბილისში 28 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით ყოველდღე გაიმართება კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, სხვადასხვა გასართობი შოუები.
როგორც სხდომაზე მერის მოადგილემ, სოფო ხუნწარიამ განაცხადა, ქართველი თოვლის ბაბუა სვანეთიდან ჩამოდის. მისი შეფასებით, სანახაობა ზღაპრული იქნება.