კახა კალაძე - დღეს გვმართებს მოთმინება, დიდი სიბრძნე, ჩვენი წინაპრების გამოცდილების სწორად გააზრება, რომ საჭირო დროს სწორად ვიმოქმედოთ ქვეყნის მშვიდობიანად გაერთიანებისთვის
დღეს გვმართებს მოთმინება, დიდი სიბრძნე, ჩვენი წინაპრების გამოცდილების სწორად გააზრება, რომ საჭირო დროს სწორად ვიმოქმედოთ ქვეყნის მშვიდობიანად გაერთიანებისთვის, – ასე მიმართა პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის მხარდამჭერებს სამცხე-ჯავახეთში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე.
კახა კალაძის თქმით, ერთად დგომით კიდევ ერთხელ დაამარცხებენ შიდა თუ გარე მტრებს და ქვეყანას გაიყვანენ სამშვიდობოს.
„მივესალმები ადიგენს, ბორჯომს, ასპინძას, ნინოწმინდას, ახალქალაქს, მთელ სამცხე-ჯავახეთს და აქ მცხოვრებ ძალიან მაგარ ხალხს. მიხარია, რომ დღეს ამდენი გულანთებული ადამიანი ვართ შეკრებილი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ნამდვილად გვესმის, რამხელა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამ მხარეს გამოწვევების არასდროს ეშინოდა და დღესაც, დარწმუნებული ვარ, სრული რწმენა გვაქვს იმის, რომ ერთად დგომით კიდევ ერთხელ დავამარცხებთ ჩვენს შიდა თუ გარე მტრებს და ქვეყანას გავიყვანთ სამშვიდობოს. სამცხე-ჯავახეთი იმ დიდი მესხეთის განუყოფელი ნაწილია, სადაც თანამედროვე კულტურის აკვანი დაირწა. ამ კულტურაზე დაფუძნებით, სწორედ ამ მხარიდან დაიწყო საქართველოს გაერთიანება და ჩვენი ქვეყანა შუა საუკუნეების ერთ-ერთ ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. მე დარწმუნებული ვარ, დღესაც თითოეული აქ მყოფი ადამიანის, თითოეული ჩვენი მოქალაქის მთავარი ოცნება სწორედ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაა. ამიტომ ჩვენ გვმართებს მოთმინება, დიდი სიბრძნე, ჩვენი წინაპრების გამოცდილების სწორად გააზრება, რომ საჭირო დროს სწორად ვიმოქმედოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანად გაერთიანებისთვის. ამ მხარემ ზუსტად იცის, რა ძალა აქვს საქართველოს ერთობას და დარწმუნებული ვარ, სამცხე-ჯავახეთი ამ არჩევნებზე თავის სიტყვას იტყვის, რომ უფრო ახლოს მივიდეთ იმ სანუკვარი ოცნების ასრულებასთან, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ჰქვია“, – განაცხადა კახა კალაძემ.