კახა კალაძე - დღეს არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია, საზოგადოებას ეს არ გაუჭირდება
კახა კალაძე - დღეს არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია, საზოგადოებას ეს არ გაუჭირდება

თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საბურთალოს მესამე უბანზე მისცა ხმა.

როგორც კალაძემ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია.

„დღევანდელ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობის გარეშე არაფერს აქვს ფასი. დღეს ჩვენ ქვეყანას გრძელვადიან პერსპექტივაში, ისე, როგორც არასდროს, სჭირდება მშვიდობა, სიმშვიდის შენარჩუნება, რასაც მოაქვს ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, აღმშნებელობა. ერთადერთი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, რომელსაც შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება. დღეს არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია. ერთ მხარეს დგანან ძალები, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ, ეს არიან ძალები, რომლებიც მზად არიან, იკადრონ ყველანაირი ბოროტება, სიბინძურე ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ. არაერთხელ გვინახავს მათი ქმედებები, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ. დღეს, შეიძლება, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებად არიან წარმოდგენილი, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თუმცა, ნახეთ ყველას, თითოეულის წარსული, ვინ არიან, რას წარმოადგენდნენ. შესაბამისად, საზოგადოებას არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდეო ყველას, გააფერადეთ 41, რათა ქვეყანაში იყოს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ“, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირებული მცირე ხარვეზების შესახებ დასმულ კითხვას, კალაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია მაქსიმალურად შეეცდება, უბნებზე გამოგონილი თემებით დაძაბოს ვითარება.

„ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ძალიან ბევრი დამკვირვებელია და არავის მივცემთ შესაძლებლობას, მოხდეს უბნების არევა. ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს ექნება საშუალება, მშვიდ ვითარებაში გააკეთოს საკუთარი არჩევანი. ესენი არიან რადიკალური ძალები, რომლებიც განწირული არიან მარცხისთვის. იციან, რომ მათ არავითარი შანსი არ აქვთ და წვრილმანი ხულიგნობით ეცდებიან, რაღაც სურათი შექმნან. წინა დღეებში როგორც ჰქონდათ პირადობის მოწმობებზე აქცენტი გაკეთებული და გამოიკვეთა, რომ ეს იყო სპეკულაცია, ტყუილი. ამ ტიპის ქმედებებით ეცდებიან, გაიტანონ თავი დღის ბოლომდე“, – აღნიშნა კალაძემ.