კახა კალაძე - დღეს ამოქმედებული საპილოტე პროექტები საცობების პრობლემას მთლიანად ვერ მოაგვარებს, თუმცა გარკვეული შვება იქნება
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ორი ახალი საპილოტე პროექტი, რომელიც დღეს ამოქმედდა, მგზავრობის უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია და ქალაქში ქაოტურ მოძრაობასაც ნაწილობრივ დაარეგულირებს. საუბარია ნაგავმზიდი ავტომობილებისა და სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე.
თბილისის საცობებისგან განტვირთვის საკითხზე, დედაქალაქის მერმა დღეს, 100 დღიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.
„შემუშავდა საცობებისგან განტვირთვის სქემა, მხედველობაში მაქვს სამარშრუტო ტაქსებისა და ნაგავმზიდი ავტომობილების რეგულაციები, რომელიც დღეიდან შევიდა ძალაში. ეს, რა თქმა უნდა, საცობების პრობლემას მთლიანად ვერ მოაგვარებს, ქალაქში საცობები საკმაოდ კომპლექსური პრობლემაა, თუმცა გარკვეული შვება იქნება. ნაგავს ღამის საათებში გაიტანენ და ასევე, ყვითელი სამარშრუტო ავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გააჩერებენ, კონკრეტული ლოკაციები და ქუჩებია მითითებული, სადაც მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან. ეს მგზავრების უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია და ქალაქში ამ ქაოტურ მოძრაობასაც დაარეგულირებს“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ორივე პროექტი საპილოტეა და წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში, მთელ ქალაქზე გავრცელდება.