კახა კალაძე - დეპოლარიზაცია ცალმხრივად ვერ მოხდება, ხელისუფლების მხრიდან რა ძალისხმევაც არ უნდა იყოს, ამ ოპოზიციის პირობებში, ვფიქრობ, ეს შეუძლებელია
კახა კალაძე - დეპოლარიზაცია ცალმხრივად ვერ მოხდება, ხელისუფლების მხრიდან რა ძალისხმევაც არ უნდა იყოს, ამ ოპოზიციის პირობებში, ვფიქრობ, ეს შეუძლებელია

თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის, კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები არ ერთვებიან და საერთოდ არ აინტერესებთ 12 რეკომენდაციის შესრულება, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს მომავალში, რათა ქვეყანამ სტატუსი მიიღოს.

კალაძის თქმით, ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო დეპოლარიზაცია, თუმცა ეს ცალმხრივად ვერ განხორციელდება.

„ცალმხრივად ვერ მოხდება მისი განხორციელება, სჭირდება მეორე მხარე, რომელიც რადიკალიზმით არის დაკავებული. მგონია, რომ რაც უნდა ძალისხმევა იყოს ხელისუფლების მხრიდან, დღევანდელ მოცემულობაში, ამ ოპოზიციის პირობებში ამის გაკეთება შეუძლებელია. ყველაფერს აკეთებენ, რომ პირიქით, გაღრმავდეს პოლარიზაცია, ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ხელი შეუშალონ სტატუსის მიღებას. სამწუხაროდ, მათი მხრიდან ყველაფერი კეთდება ამისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, კალაძის განმარტებით, საკუთარ ქვეყანას, კონსტიტუციას, კანონებს პირველ რიგში, პატივი უნდა სცენ თანამდებობის პირებმა, პოლიტიკოსებმა, რომლებსაც დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ ქვეყნის, ხალხის წინაშე.

„პატივი უნდა ვცეთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე, სამწუხარო და გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც პირველს ევალება კონსტიტუციის დაცვა, არღვევს კონსტიტუციას. ბატონი ბორელის მესმის, მაგრამ ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კონსტიტუციის, კანონების პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადების კომენტირებისას.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „საქართველოს ევროპულ გზაზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციაა. იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს კონსტრუქციულად“. ამასთან, განცხადებაში ბორელი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამ კიდევ უფრო გაზარდა კონტრპროდუქტიული პოლარიზაცია.