კახა კალაძე - დედაქალაქში საცხოვრებელი კორპუსები არსად და არასოდეს აშენდება რეკრეაციული სივრცის ხარჯზე
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კრწანისის რაიონის მოსახლეობას ხვდება.
მერობის კანდიდატმა მორიგი შეხვედრა რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ ლევან ჯაფარიძესთან ერთად გულიას I ჩიხში, N6 -ში, იმ ტერიტორიის მიმდებარედ გამართა, რომელიც ადრე გასხვისებული იყო, ამჟამად კი იქ სტადიონისა და სკვერის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, აღნიშნული ტერიტორიის მოსახლეობისთვის დაბრუნება 2017 წლის არჩევნების პერიოდში მისი ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო, რომელიც წარმატებით შეასრულა.
თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, რეკრეაციული ზონების ხარჯზე საცხოვრებელი კორპუსების აშენების მავნე პრაქტიკა სწორედ მისმა გუნდმა დაასრულა.
„ურბანული პოლიტიკა განსაზღვრავს ქალაქის ურბანული განვითარების სწორ ვექტორს, როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი. ჩვენ გვახსოვს წლები, როდესაც ურბანული დაგეგმარება საერთოდ არ ხდებოდა, ქაოტური განაშენინება მიმდინარეობდა. სკვერები, პარკები, სპორტული მოედნები დატაცებული ჰქონდათ იმისთვის, რომ კორპუსები აეშენებინათ. ეს ადგილი არის ნათელი მაგალითი. ტერიტორია გამზადებული იყო იმისთვის, რომ აეშენებინათ კორპუსი. 10 წელი იბრძოდით იმისთვის, რომ ეს დაგებრუნებინათ. აქ იქნება ძალიან მაგარი სივრცე, სადაც ყველა თაობის ადამიანს ექნება დასვენების შესაძლებლობა. უამრავი ასეთი პრობლემა იყო. ვაკის პარკი იყო ანალოგი. ვაკის პარკი არის თბილისისთვის ერთ-ერთი ცენტრალური რეკრეაციული ზონა, სადაც რვასართულიანი კორპუსი უნდა ჩაედგათ. ეს მიდგომა იყო, არანაირი სიყვარული ქალაქის და პატივისცემა მოსახლეობის არ არსებობდა. ეს ჩვენ დავასრულეთ და დღეს ჩვენ უკვე სხვა მიდგომები გვაქვს. ვერცერთი რეკრეაციული სივრცის თუ სპორტული მოედნის ხარჯზე ვერ აშენდება საცხოვრებელი კორპუსები თუ ოფისები. დღეს ქალაქს ყველაზე ყველაზე მეტად სჭირდება მწვანე სივრცეების არსებობა, სჭირდება პარკები, სკვერები. ჩვენ მეტი მსგავსი სივრცე უნდა შევქმნათ ქალაქში და ამ ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.
შეხვედრაზე კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან ჯაფარიძემ რაიონში დაგეგმილ პროექტებზე, ასევე, გულიას ქუჩაზე სკვერის მშენებლობამდე არსებულ პრობლემებზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსახლეობის მრავალწლიანმა ბრძოლამ, კახა კალაძის უშუალო ძალისხმევით, შედეგი გამოიღო.
„მე ზუსტად ვიცი, რამხელა გულისტკივილი და ბრძოლა გამოიარეთ ამ წლების განმავლობაში იმისთვის, რომ შეგენარჩუნებინათ ეს ადგილი და არ მიგეცათ საშუალება, აქ აშენებულიყო რაღაც უსახური კორპუსები. მე თქვენი თანდასწრებით ბატონ კახის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა, რადგან მისი ძალიან დიდი შრომა არის ჩადებული ამ ყველაფერში. ძალიან მიხარია, რომ აქ დღეს ყველა ერთად ვართ მოწმე იმისა, რომ დაიწყო ამ მასშტაბის კეთილმოწყობის სამუშაოები, რომლის შედეგადაც გვექნება ძალიან მაგარი სტადიონი და სკვერი. ამას გარდა, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ ჩვენი რაიონისთვის“, – განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.
მოსახლეობასთან შეხვედრებს კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია ესწრებოდნენ.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.