კახა კალაძე - დედაქალაქში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება, ბიუჯეტი გადანაწილებულია ისე, რომ ყველაფერი მაქსიმალურად შესაძლებლობის ფარგლებში იყოს
შეუძლებელია, საახალწლო ნობათები რაიონების მიხედვით განსხვავებული იყოს, რადგან შესყიდვა ხდება ერთობლივად და ყველა რაიონული გამგეობა ვალდებულია, ნობათების შემადგენლობა შეისყიდოს. საკმარისი არასდროს არაფერია, ჩვენ გამოვდივართ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებიდან, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც უპასუხა „ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვას: „საახალწლო კალათში წელს სოციალურად დაუცველებისთვის არ იქნება ხორცი, გოზინაყი, ჩურჩხელა. რამდენიმე გამგეობამ უკვე ტენდერიც გამოაცხადა, თუმცა რაციონი ყველგან ერთი და იგივეა. საახალწლო დღეებისთვის დამახასიათებელი არც ერთი ატრიბუტი არ იქნება“.
კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, როგორც სოციალური, ისე ჯანდაცვის მიმართულებით, ასევე ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, შესაბამისად, ბიუჯეტი გადანაწილებულია ისე, რომ ყველაფერი მაქსიმალურად შესაძლებლობის ფარგლებში იყოს.
„როგორ ფიქრობთ, ქალაქისთვის საკმარისია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც ხორციელდება?! საკმარისია ის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები?! რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, უფრო მეტია საჭირო. სოციალური მიმართულებით ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, ეს მარტივი გადასამოწმებელია. შეგიძლიათ, ნახოთ 2017 წლამდე რა იყო დედაქალაქის ბიუჯეტი და როდესაც ჩვენ აგვირჩია თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ, ვნახოთ, რა არის ბიუჯეტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.