კახა კალაძე - დედაქალაქის გენერალური გეგმა არის დოკუმენტი, რომლითაც ქალაქის სწორ განვითარებას შევძლებთ
დედაქალაქის გენერალური გეგმა არის დოკუმენტი, რომლითაც ქალაქის სწორ განვითარებას შევძლებთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის მერიისა და „სითი ინსტიტუტის“ სამთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, საკრებულოში გადაიგზავნა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი.
„ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები ამ თვალსაზრისით, რომელიც გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. 20-25 წლის განმავლობაში გროვდებოდა და შედეგიც გვაქვს სახეზე. მივიღეთ ქალაქის ქაოტური და არასწორი განაშენიანება და შესაბამისად, მგონია, რომ ამ დოკუმენტის მიღებით, ჩვენ შევძლებთ ქალაქის გრძელვადიან და რაც მთავარია, სწორ განვითარებას. თუმცა, ცოტა გაკვირვებული დავრჩი ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებებით. ნამდვილად გასაკვირი იყო, რადგან პირველადი დოკუმენტი, რომელიც „სითი ინსტიტუტმა“ შემოიტანა, რომელსაც ჰქონდა სერიოზული პრობლემები და ხარვეზები, ოპოზიცია ითხოვდა დაჟინებით, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა მიგვეღო ეს დოკუმენტი. ისეთი სიტყვებით მოგვიხსენიებდნენ ხოლმე, რომ ვეწინააღმდეგებოდით ქალაქის სწორ განვითარებას. მაშინ, როდესაც მოხდა ამ დოკუმენტის დამუშავება და კიდევ ერთხელ მინდა, მერიის ყველა იმ სამსახურს თანამშრომელს მადლობა გადავუხადო, ვინც ჩართული იყო და დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდა, რომ დოკუმენტი ყოფილიყო გამართული. რაც მთავარია, აღსრულებადი ყოფილიყო და არ ყოფილიყო უბრალოდ სადღეგრძელო და ლამაზი სიტყვები, ძალიან ბევრი შრომა ჩაიდო ამაში და სამი თვის თავზე ჩვენ მივიღეთ გამართული დოკუმენტი „სითი ინსტიტუტთან“ მუშაობის შედეგად და დღეს გვეუბნებიან, რომ ეს დოკუმენტი არის ხარვეზიანი და უამრავი პრობლემა შიგნით.
დარწმუნებული ვარ, დღეს რომ გამოვიდეთ და ვთქვათ, გადაწყვეტილი გვაქვს, რომ არ ვიღებთ ამ გეგმას, ისინი პირიქით შემოგიბრუნდებიან და გვეტყვიან – აი, თქვენ აზარალებთ დედაქალაქს, დედაქალაქის განვითარებას და უნდა მიიღოთ. უბრალოდ, გასაკვირია. ყველა რეფორმის დროს მათ აქვთ ერთი და იგივე პოზიცია. ამას იმიტომ ვსაუბრობ, საერთოდ არ არის საინტერესო ჩემთვის პირადად, დარწმუნებული ვარ არც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, უბრალოდ, საზოგადოებას მინდა დავანახო მათი რეალური სახე. რა თქმა უნდა, ყველა ოპოზიციურ ძალაზე არ არის აქ საუბარი. იმ გაკოტრებულ პოლიტიკურ პარტიაზე მაქვს საუბარი, ვინც არაადეკვატურ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა.
იგივე დამოკიდებულება იყო, როდესაც ჩვენ „სითი პარკს“ შევუწყვიტეთ ხელშეკრულება, როდესაც ხარვეზები და დარღვევები იქნა აღმოჩენილი დოკუმენტში. სხვა გადაწყვეტილებას მე ნამდვილად ვერ მივიღებდი. მაშინაც გამოვიდნენ და თქვეს, რომ ეს არის არაგონივრული გადაწყვეტილება. ხომ გახსოვთ ეს ყველაფერი. საუბრობდნენ რომ ქალაქში იქნება ქაოსი, მუნიციპალიტეტმა მიიღო არასწორი და არაგონივრული გადაწყვეტილება და ასე შემდეგ, აღარ გავაგრძელებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის განცხადებით, გენგეგმასთან დაკავშირებით შედგა შეხვედრა დეველოპერებთან.
„რაც შეეხება გენერალურ გეგმას, მართლაც მნიშვნელოვანი დოკუმენტია და ეს არის ის დოკუმენტი, რომლითაც ჩვენ შევძლებთ ქალაქის გრძელვადიან და რაც მთავარია, სწორ განვითარებას. ჩვენ რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა დეველოპერებთან. ვისაუბრეთ, ავუხსენით ცვლილებები, რომელიც შევიდა გენერალურ გეგმაში. ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც გამომრჩა და მინდა ვთქვა, რომ როდესაც გენერალური გეგმა ვაქციეთ აღსრულებად დოკუმენტად ისე, რომ არცერთი კონცეპტუალური მიდგომა, ზონირების არცერთი მაჩვენებელი არ შეგვიცვლია. პირიქით, ტყეს აღვუდგინეთ სტატუსი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს საერთოდ გააქრეს. დოკუმენტი, გენერალური გეგმა, რომელიც იყო შემუშავებული და რითაც დღემდე მუშაობდა მერია, ტყეები, ტყის ფართობი და მასივი საერთოდ გამქრალი იყო. ეს სტატუსი ჩვენ აღვუდგინეთ, რაც მგონია, რომ მნიშვნელოვანია. დეველოპერებთან შეხვედრას რაც შეეხება, ჩვენ ვისაუბრეთ არსებულ ცვლილებებზე, გამოწვევებზე და მგონია, რომ ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ქალაქის სწორ განვითარებას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი.
მერია ვართ მუდმივად ღია, ვცდილობთ ვიყოთ გამჭვირვალე. ის გადაწყვეტილებები, რაც მიიღება ჩვენთან, ვაწარმოებთ მათთან შეხვედრებს, ვუხსნით ცვლილებებს, რომ რაიმე პრობლემები არ შეიქმნას. შეიძლება ჩვენც რაღაცაში ვცდებით, მაგრამ ვისმენთ რაც შეიძლება, უკეთესად განვახორციელოთ, სად გვინდა გაუმჯობესება და ასე შემდეგ. ეს დამოკიდებულება და ეს მიდგომები მომავალშიც გაგრძელდება, რა თქმა უნდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.