კახა კალაძე - დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი არის გაცილებით მეტი, ვიდრე ოპონენტები საუბრობდნენ
კახა კალაძე - დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი არის გაცილებით მეტი, ვიდრე ოპონენტები საუბრობდნენ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არაერთი განმარტების მიუხედავად, იყო მცდელობა, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის მოცულობასთან დაკავშირებით საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ.

მისივე თქმით, ბიუჯეტი, რომელიც იქნა წარმოდგენილი დედაქალაქის საკრებულოში, გაცილებით მეტია, ვიდრე ოპონენტები საუბრობდნენ. ამასთან, როგორც კალაძე ამბობს, ბიუჯეტის მესამედი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით იქნება გამოყოფილი.

„დღეს დამტკიცდა 2021 წლის ბიუჯეტი, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. გახსოვთ, რამოდენიმე კვირის წინ მიმდინარეობდა მიზანმიმართული არასწორი კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის შემცირებული. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი განმარტება იქნა გაკეთებული ჩვენი მხრიდან, მაინც იყო მცდელობა, საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში. თუმცა რეალობა სულ სხვა არის. თქვენ ხედავთ, რომ ბიუჯეტი, რომელიც იქნა წარდგენილი, არის გაცილებით მეტი, ვიდრე საუბრობდნენ ოპონენტები და რა თქმა უნდა, მორგებულია ქალაქის კეთილდღეობაზე.

ბიუჯეტის მესამედი მიმართული იქნება ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით და რა თქმა უნდა, ყველა იმ ადამიანს, ვისაც სჭირდება ჩვენი მხრიდან თანადგომა, მხარდაჭერა, მაქსიმალურად გვერდით დავუდგებით და ხელს შევუწყობთ. ასევე არის განსაზღვრული ინფრასტრუქტურული პროექტები. თქვენ იცით, რომ 2020 წელს პანდემიის გამო, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა, რადგან თანხები პანდემიიდან გამომდინარე, მიმართული იყო სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებაზე. 2021 წელი იქნება ის წელი, როდესაც ბევრი კარგი პროექტის განხორციელებას შევძლებთ ჩვენი ქალაქისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე – „ხომ არ გიქმნით უხერხულობას ის ფაქტი, რომ ოპოზიცია თბილისის საკრებულოში ანგარიშის წარდგენას არ ესწრებოდა“, კალაძემ განაცხადა, რომ ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა სამწუხაროა, რომ თბილისელების წინაშე პასუხისმგებლობას არ იღებენ.

„ეს მათი გადასაწყვეტია, ჩვენ დემოკრატიულ საქართველოში ვცხოვრობთ, შესაბამისად, ყველა პოლიტიკური პარტია ირჩევს თავის გზას. მე გამიხარდებოდა აქ რომ ყოფილიყვნენ, ცოტას გავერთობოდით. მათ არ მიიღეს მონაწილეობა და სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ისინი არ იღებენ პასუხისმგებლობას თბილისელების წინაშე და იმ განსახორციელებელ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც სჭირდება თბილისს და თბილისელებს“, – აღნიშნა კალაძემ.