კახა კალაძე - დავით კეზერაშვილმა პირდაპირ აღიარა, რომ არის ოლიგარქი, აფინანსებს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, დაჯგუფებებს, რა ფულით, გაუგებარია
დავით კეზერაშვილმა პირდაპირ აღიარა, რომ არის ოლიგარქი, ის აფინანსებს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, დაჯგუფებებს, რა ფულით, ესეც გაუგებარია და ისიც გაუგებარია, რომ თუ პოლიტიკური პარტიები იღებენ დაფინანსებას, ეს ყველაფერი უნდა იყოს ასახული დეკლარაციაში, ეს ყველაფერი უნდა იყოს საჯაროდ, ღიად, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„არავის ამასთან დაკავშირებით ოფიციალური დოკუმენტი არ წარუდგენია. ვფიქრობ, რომ შესაბამისი სამსახურები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ აღნიშნული განცხადებებით და უნდა დაიწყონ მოკვლევა, თუ რასთან გვაქვს საქმე.
მთელი უბედურება არის ის, რომ ადამიანი ჰყვებოდა იმას, რომ 2012 წლამდე, ვიდრე ახალი ხელისუფლება მოვიდოდა, მქონდა ბიზნესებიო. ადამიანი იყო კონკრეტულ თანამდებობებზე და ჟურნალისტს არ გაუჩნდა იმის განცდა, შეკითხვა დაესვა, უბრალოდ, ადამიანისთვის, თუ საიდან, როგორ, რა ბიზნესები, საიდან მოიპოვა, კონკრეტულ თანამდებობებზე იყო ადამიანი. არ გაჩენილა ეს შეკითხვა და არ დაუსვეს. ყველაფერი ნათელია ახლა. გონიერი ხალხია ქართველები და ყველა ყველაფერს ხვდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ცოტა ადამიანია, ვინც ეხმარება პროდასავლურ ფლანგს. მე ვარ ერთ-ერთი და ვაპირებ, გავაგრძელო ბრძოლა ბოლომდე. არიან სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებიც, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ დახმარება“.