კახა კალაძე - დავით გარეჯთან დაკავშირებით არსებობს პრობლემა, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს
დავით გარეჯთან დაკავშირებით არსებობს პრობლემა და ეს პრობლემა აუცილებლად უნდა იყოს მოგვარებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძემ საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორულ ურთიერთობასაც გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისია დავით გარეჯთან დაკავშირებით საქართველოსთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს.
„დარწმუნებული ვარ, კომისია შედეგს მიიღებს და დაწყებულ საქმეს მიიყვანს ბოლომდე.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ამ ჩვენთვის ძალიან სენსიტიურ თემასთან და პრობლემასთან დაკავშირებით, ისე დავასრულოთ ყველაფერი, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ დარჩეს.
აზერბაიჯანთან ჩვენს ურთიერთობას რაც შეეხება, ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გახლავთ ბევრ სხვადასხვა მიმართულებასა და სფეროში. შესაბამისად, დარწმუნებული ვართ, კომისია საბოლოო ჯამში მიიღებს ისეთ შედეგს, რომელიც ჩვენთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა კალაძემ.