კახა კალაძე - დასაფასებელია იმ პარტიების პოზიცია, რომლებმაც ბოლომდე შეინარჩუნეს პროტესტის გამოხატვის მშვიდობიანი ფორმა და არ მიიღეს მონაწილეობა ცესკო-ზე მიტანილ ძალადობრივ შტურმში
ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ ქართველი ხალხის ნება არის უზენაესი და რომ მილიონამდე ადამიანის არჩევანს ვერავინ შეცვლის საპროტესტო აქციებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
კალაძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს, პოლიტიკურ პარტიებს, „ნუ აყვებიან ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს, რომლის მიზანიც სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმა და არეულობის ინსპირაციაა“.
„ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, საკუთარი მიზნების სამართლებრივი გზებით მიღწევას, სხვაგვარად დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ შევქმნით, სხვაგვარად თანამედროვე საზოგადოებად ვერ შევდგებით. ნიშანდობლივია, რომ გუშინ მომხდარ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებში მონაწილეობდნენ ოპოზიციის მხოლოდ რადიკალური ფრთის წარმომადგენლები, რომელთაც ქვეყანაში სიტუაციის ესკალაცია სურთ.
დასაფასებელია იმ პარტიების პოზიცია, რომლებმაც გაითვალისწინეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება, ბოლომდე შეინარჩუნეს პროტესტის გამოხატვის მშვიდობიანი ფორმა და არ მიიღეს მონაწილეობა ცესკო-ზე მიტანილ ძალადობრივ შტურმში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, ნუ აყვებიან რადიკალურ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ რეჟიმს და მოემზადონ მეორე ტურისთვის. დესტრუქციით და სიტუაციის ესკალაციის მცდელობით ვერავინ ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევს“, – განაცხადა კახა კალაძემ.