კახა კალაძე - დარწმუნებული ვართ, ჩვენი საამაყო სამხედროები მიხეილ სააკაშვილის სიმდაბლეს 28 ოქტომბერს საკადრის პასუხს გასცემენ
დარწმუნებული ვართ, ჩვენი საამაყო სამხედროები მიხეილ სააკაშვილის სიმდაბლეს 28 ოქტომბერს საკადრის პასუხს გასცემენ, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ავღანეთში სამხედრო ბაზაზე ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.
მისი თქმით, სააკაშვილმა ყველაზე მდარე ფორმით სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და განაცხადა, რომ აღნიშნულ ბაზაზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საარჩევნო ყუთები ავღანეთში მხოლოდ 28 ოქტომბერს გაიხსნება.
„ამასთან, სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განათავსა საარჩევნო ბიულეტენის ფოტოსურათი, რაც საარჩევნო ნორმების უხეში დარღვევაა. იმ ადამიანების სახელით მანიპულირება, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენი სამშობლოს ღირსებას მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში, არის ყველაზე დიდი სიმდაბლე, რასაც პოლიტიკოსმა შეიძლება მიმართოს. თუმცა, სააკაშვილისგან ჩვენ ამაზე დიდი სიმდაბლეც არაერთი გვახსოვს და შესაბამისად, მისგან არაფერი გვიკვირს. დარწმუნებული ვართ, ჩვენი საამაყო სამხედროები გასცემენ საკადრის პასუხს სააკაშვილის ამ სიმდაბლეს 28 ოქტომბერს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 25 ოქტომბერს ჩატარდა.