კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრების და „მილანის“ ლეგენდების მატჩი ფეხბურთის კიდევ ერთი ზეიმი იქნება #1TVSPORT
კახა კალაძე საკუთარ ფეიქბუქგვერდზე „მილანის“ მუზეუმიდან ჩაერთო და საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „მილანის“ ლეგენდების მატჩის შესახებ ისაუბრა, რომლის გამართვაც დღეს ოფიციალურად გადაწყდა.
„მოგესალმებით „მილანის“ მუზეუმიდან. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ 10 წლის განმავლობაში მომეცა საშუალება, ამ გუნდის ღირსება დამეცვა. მოვიგე ყველაფერი, რისი მოგებაც საკლუბო დონეზე შემეძლო. ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა, რაც მაშინ ყველა ქართველ გულშემატკივარს უხაროდა.
დღეს ჩემთან ერთად იმყოფება ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და დღეს ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „მილანის“ ლეგენდების მატჩის გამართვის თაობაზე – შეხვედრა 21 სექტემბერს თბილისში შედგება.
საზოგადოებას და გულშემატკივარს ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას, რომელი ფეხბურთელი ჩამოვა და ითამაშებს. ეს იქნება ქართველი გულშემატკივრებისთვის ფეხბურთის კიდევ ერთი ზეიმი.
ჩვენს ეროვნულ ნაკრებს კი შემდეგ შეხვედრებში წარმატებები, მინდა, ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, ის სიხარული, რაც ბოლო შეხვედრებში ჩვენს გულშემატკივარს აჩუქეს, მომავალშიც გაგრძელდება“, – ამბობს კახა კალაძე.
იტალიელი და ქართველი ფეხბურთელები ერთმანეთს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე 21 სექტემბერს დაუპირისპირდებიან. შემადგენლობები ჯერ არ გარკვეულა, თუმცა ცნობილია რამდენიმე ლეგენდა, რომლებიც მატჩში მიიღებენ მონაწილეობას: მილანიდან კაფუ, დიდა, რივალდო, კაკა… საქართველოდან – კახა კალაძე, ძმები არველაძეები, გიორგი ქინქლაძე, დავით მუჯირი… ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია იქნება.