კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის განცხადებებს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები შესაბამის შეფასებას მისცემენ
დარწმუნებული ვარ, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები შესაბამის შეფასებას მისცემენ იმ განცხადებებს, რასაც ჩვენ ვისმენდით „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მხრიდან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პირდაპირ საუბრობდნენ საარჩევბო პროცესში არეულობის შეტანაზე.
„პროვოკაციები თუ ვინმესგან შეიძლება იყოს მოსალოდნელი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ ზუგდიდში. ამაზე ისინი ღიად საუბრობდნენ, ღიად საუბრობდა მათი ლიდერი. არავის არ მიეცემა არეულობის შემოტანის შესაძლებლობა. თუ დაფიქსირდება კანონის დარღვევა, გადაცდომა, ჩვენი მხრიდან იქნება შესაბამისი რეაგირება. ჩვენ ხმებსაც დავითვლით, ხმებსაც დავიცავთ, არანაირი პრობლემა არ იქნება და ჩრდილი არ მიადგება ჩატარებულ არჩევნებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პირდაპირ საუბრობდნენ არეულობის შემოტანაზე, კონკრეტულ უბნებზე ჩაშლაზე, დაპირისპირებაზე, ჩხუბზე. თავიანთი ლიდერიც გამოდიოდა და ამაზე საუბრობდა. ეს არ არის პირველი არჩევნები, როდესაც ჩვენ ასეთ განცხადებებს ვისმენთ. დარწმუნებული ვარ, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები შესაბამის შეფასებას მისცემენ იმ განცხადებებს, რასაც ჩვენ ვისმენდით „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მხრიდან დღეს. დარწმუნებული ვარ, ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება და გაკეთებული იქნება მათი მხრიდან განცხადებები“, – განაცხადა კახა კალაძემ.