კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის, რა განსხვავებაა პროპორციულ და შერეულ არჩევნებს შორის
დიმიტრი ხუნდაძე იყო ერთ-ერთი იმ ბევრ დეპუტატთა შორის, რომელმაც, სამწუხაროდ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროექტს მხარი არ დაუჭირა, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, „დიმიტრი ხუნდაძემ ბიძინა ივანიშვილი დაამარცხა?“.
„რატომ, დიმიტრი ხუნდაძე იყო ის ერთი ადამიანი? არა. ის იყო ერთ-ერთი, სამწუხაროდ, იმ ბევრ დეპუტატთა შორის, ვინც მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. თუმცა ეს მათი გადაწყვეტილებაა, რაც არის დემოკრატიული პროცესის ნაწილი. კითხვა დაისვა დიმიტრი ხუნდაძეზე და შეგვიძლია, ამოვიღოთ მისი განცხადებები პროპორციულთან და მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით. დიმიტრი ხუნდაძე მაშინაც კი, როცა დაეთანხმა, ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებას, საუბრობდა, რომ მისთვის მიუღებელი იყო შერეული სისტემის გაუქმება და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ადამიანებს აქვთ თავიანთი მოსაზრებები. ორი დღის განმავლობაში ცდილობდნენ, წარმოედგინათ არგუმენტები. მოხდა ის, რაც მოხდა. ახლა მთავარია, გავაგრძელოთ მზადება 2020 წლის არჩევნებისთვის. მოსახლეობის გადასაწყვეტი იქნება, თუ ვის ანდობს ხელისუფლებას“, – განაცხადა კახა კალაძემ და აქვე დასძინა, რომ მისი აზრით, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის, რა განსხვავებაა პროპორციულ და შერეულ არჩევნებს შორის.
კალაძის თქმით, აქედან გამომდინარე, აბსტრაქტულია საუბარი, რომ მოსახლეობა ითხოვს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას.
„ზოგადად აბსტრაქტულია, რომ მოსახლეობა ითხოვს პროპორციული არჩევნების ჩატარებას. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის, რა განსხვავებაა პროპორციულ და შერეულ არჩევნებს შორის. იმის მიუხედავად, რომ იმ ადამიანების რიგებში ვარ, ვინც მხარს უჭერდა პროპორციული არჩევნების შემოღებას, შერეული სისტემაც არის დემოკრატიული. ასე რომ, ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გადასაწყვეტია“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.