კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძე წარმატებული პრემიერი იქნება, ასევე წარმატებებს ვუსურვებ ირაკლი ღარიბაშვილს, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გამარჯვებას მივაღწიოთ
დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძე წარმატებული პრემიერ-მინისტრი იქნება, ასევე წარმატებებს ვუსურვებ ირაკლი ღარიბაშვილს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, იმ მხარდაჭერით, თანადგომით, რაც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს არჩევნებზე.
„დღეს უკვე ოფიციალურად ყველაფერი დადასტურებულია, ირაკლი ღარიბაშვილი არჩეულია პარტიის თავმჯდომარედ. მას წარმატებას ვუსურვებ. პარტიას უკვე დაწყებული აქვს მომზადება 2024 წლის არჩევნებისთვის და ყველაფერი გაკეთდება, რათა გუნდმა წარმატებას მიაღწიოს. ამ ყველაფერში „ქართული ოცნების“ თითოეული მხარდამჭერის როლი უმნიშვნელოვანესია. დარწმუნებული ვარ, იმ მხარდაჭერით, თანადგომით, რაც დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს, შეუძლია, საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებით.
ასევე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ირაკლი კობახიძე წარდგენილია მთავრობის მეთაურად პრემიერ-მინისტრის რანგში. მას გუნდთან ერთად წარმატებას ვუსურვებ. მნიშვნელოვანი წელი გველოდება, სირთულეები და გამოწვევები, რაც იყო, არსად წასულა, დღესაც არსებობს საფრთხეები და ერთიანი ძალისხმევით უნდა შევძლოთ მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ირაკლის უდიდესი როლი აქვს პარტიის აღმშენებლობაში, სტრუქტურულ გაძლიერებაში. დარწმუნებული ვარ, როგორც პრემიერ-მინისტრი, ის იქნება წარმატებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება კითხვას, ხომ არ იქნება სტრუქტურული ცვლილებები პარტიაში, კალაძემ აღნიშნა:
„პარტია ყველანაირად გამართულია, სტრუქტურები ძალიან ძლიერი აქვს და სრული მზაობაა პარტიის, ჩვენი მხარდამჭერების მხრიდან, მოვემზადოთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რაც უკვე დაწყებული გვაქვს და ახლა კიდევ უფრო გავააქტიურებთ ამ მიმართულებას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებას, გამარჯვებას მივაღწიოთ. პირველ რიგში, ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის მომავალს“, – განაცხადა კახა კალაძემ.