დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2020 წელს თბილისის ისტორიულ არეალში ორი მნიშვნელოვანი ქუჩის რეაბილიტაციის დასრულება იგეგმება. ამის შესახებ მან 2019 წელს დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე ისაუბრა.
„ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია საკმაოდ მსხვილი პროექტია, რომელიც ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება და 2020 წელს დასრულდება. თქვენ იცით ჩვენი მიდგომები ძველ თბილისთან დაკავშირებით. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გვაქვს ქალაქში, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია და ამ ყველაფერს მოწესრიგება, რეაბილიტაცია, მოვლა-პატრონობა სჭირდება. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯები გვაქვს. ორბელიანის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დასრულდება, გუდიაშვილის კი, მიმდინარე წლის შემოდგომაზე. ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციაზე 50 000 000 ლარი დაიხარჯება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროექტი შექმნის ახალ ფართებს, რომელიც ბიზნესსექტორისთვის საინტერესო იქნება.
„ფიროსმანის ქუჩაზე განთავსებული ყველა სახლი ძალიან მძიმე და ავარიულ მდგომარეობაშია. პროექტის ფარგლებში, ეს ყველაფერი მოწესრიგდება. მიწისქვეშა კომუნიკაციებით დაწყებული, მთლიანად გვინდა მოვაწესრიგოთ და გამოვასწოროთ არსებული მდგომარეობა. საკმაოდ საინტერესო პროექტია და დარწმუნებული ვარ, აქ ბიზნესიც იქნება ჩართული. უახლოეს მომავალში ამ პროექტს ბიზნესსექტორსაც წარვუდგენთ, რომ მათი თანამონაწილეობაც იყოს, რადგან ახალი ფართები, რაც შესაძლებელია შეიქმნას ამ პროექტით, ბიზნესსექტორისთვის საინტერესო იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ისტორიულ არეალში განხორციელდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი გუდიაშვილი-ფურცელაძის რეაბილიტაცია. სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, გუდიაშვილის ქუჩა საფეხმავლო გზით ქაშვეთის ეკლესიას დაუკავშირდება. აღნიშნული პროექტისთვის 45 000 000 ლარი დაიხარჯება.