კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, ახალი ინიციატივა „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ ეროვნულ იდეად იქცევა, რომელიც მთელ საზოგადოებას გააერთიანებს
კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, ახალი ინიციატივა „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ ეროვნულ იდეად იქცევა, რომელიც მთელ საზოგადოებას გააერთიანებს

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ინიციატივა, ახალ ეროვნულ იდეად იქცევა, რომელიც მთელ საზოგადოებას გააერთიანებს და ჩვენი ქვეყნის თავისუფალი მომავლის ფუნდამენტად იქცევა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში განაცხადა, სადაც ახალ ინიციატივაზე „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დღეს, საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი ინიციატივა და ამბიციური გეგმა გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უპრეცედენტო ვალდებულებას აიღებს და ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს, დღეს არსებული ბიუჯეტის მეოთხედს, განათლების სფეროს სწრაფი განვითარებისთვის მიმართავს.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ინიციატივა, ახალ ეროვნულ იდეად იქცევა, რომელიც მთელ საზოგადოებას გააერთიენებს და ჩვენი ქვეყნის თავისუფალი მომავლის ფუნდამენტად იქცევა. ეს გზა სწორედ უმაღლესი ხარისხის განათლებაზე გადის და გრძელვადიან პერსპექტივაში ოკუპაციისგან, სიღარიბისგან, უმუშევრობისგან თუ სხვა გამოწვევებისგან ჩვენი ქვეყნის, მომავალი თაობების თავისუფლებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, განათლებით სიღარიბის დაძლევის ეროვნული გეგმა არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც მოქალაქეების დასაქმებას, მათი კვალიფიკაციის ამაღლებასა და ღირსეული ანაზღაურების, ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას უზრუნველყოფს სამომავლოდ.

„პირადად ჩემთვის უცხო არ არის ის გრძნობა, როდესაც დასახული მიზნის მისაღწევად, პროფესიული გამოცდილების თუ შესაბამისი განათლების მისაღებად ქვეყნის გარეთ გიწევს წასვლა, იქ წარმატების მიღწევა და ამ წარმატების საკუთარი სამშობლოში ჩამოტანა. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ისეთი პირობები, რომ ხარისხიანი განათლების მისაღებად უცხოეთში წასვლა აუცილებელი არ იყოს და ამას ჩვენს სამშობლოში მიღებული განათლებით ვახერხებდეთ. ყველას გვსურს, რომ ჩვენი შვილები აქ, საქართველოში იღებდნენ იგივე დონის ცოდნას, რასაც ევროპის თუ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებსა თუ სკოლებში მიიღებდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სურვილს, დაანონსებული ინიციატივის მეშვეობით ერთიანი ძალისხმევით რეალობად ვაქცევთ. განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და არა პრივილეგია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, წლების განმავლობაში, განათლებაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული იყო, როგორც ბიუროკრატიული ბარიერების, ისე ფინანსური კუთხით.

„ახალგაზრდებს და ხშირად მათ ოჯახებს ვალების აღება უწევდათ, რათა ხარისხიანი განათლება და შესაბამისად, ღირსეული ცხოვრების პერსპექტივა მიეღოთ. მინდა, ასევე ჩემი პატივისცემა დავაფიქსირო იმ ადამიანების მიმართ, ვინც თაობები აღზარდეს და ეს იმ ფონზე, როდესაც მათი სამუშაო პირობები თუ ანაზღაურება, რბილად რომ ვთქვათ, რეალურ საჭიროებებს აცდენილი იყო. ჩვენი საამაყო პედაგოგები მეტ მხარდაჭერას, ყურადღებას იმსახურებენ და დარწმუნებული ვართ, განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ნაბიჯები პედაგოგის პროფესიას ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებადს და მიმზიდველს გახდის. მე, როგორც დედაქალაქის მერი სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ აღნიშნულ ინიციატივას და ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა განათლებაზე ხელმისაწვდომობა თბილისის ყველა რაიონში და ყველა თაობისთვის გაიზარდოს. ჩვენ ყველა უბანში ხარისხიანი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნას შევუწყობთ ხელს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ, ბაღები უფასო გახდა და ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ყოველწლიურად იზრდება ბაღში შემსვლელი ბავშვების რაოდენობა, შესაბამისად ჩვენ ვდგავართ ახალი გამოწვევების წინაშე.

„საჭიროა დამატებით ინფრასტრუქტურები, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი პატარების სრულფასოვანი აღზრდა. მომდევნო წლების განმავლობაში რამდენიმე ათეული საბავშო ბაღის მშენებლობა იგეგმება. სწორედ ამ ასაკიდან იწყება განათლების მიღება და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბება, რასაც შემდგომი ეტაპები მოჰყვება. განათლების აბსოლუტურ პრიორიტეტად გამოცხადება, რეფორმით გათვალისწინებულ ხუთივე დონეს უდიდეს პროგრესს მოუტანს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას და დარწმუნებული ვარ, მთავრობის ინიციატივით, ფინეთთან, ნორვეგიასთან და სინგაპურთან ერთად, საქართველო მსოფლიოს მეოთხე ქვეყანა გახდება, რომლის უმთავრესი პრიორიტეტი განათლებაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი ინიციატივის – „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ წარდგენის ღონისძიება ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. სტუმრებს პრემიერთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ასევე თბილისის მერმა, კახა კალაძემაც მიმართეს.