კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, 2024 წელს „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დიდი ანგარიშით, თვითმმართველობის არჩევნებშიც მივაღწევთ გამარჯვებას და 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც გავიმარჯვებთ
დღეს ყველაზე ძლიერი გუნდი, ვისაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა აქვს საქართველოში მოსახლეობის მხრიდან, არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.
კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძის დასახელებას აპირებს, რაზეც თბილისის მერმა განაცხადა, რომ შინაარსობრივად ეს ადამიანები ერთ გუნდს წარმოადგენენ და მათი გადასაწყვეტია, რა ფორმულირებით წარდგებიან არჩევნებზე.
„არ ვიცი, ვერ გეტყვით. ეს მათი გადასაწყვეტია, თუ რა ფორმულირებით წარდგებიან 2024 წლის არჩევნებზე. ყველამ ვიცით, შინაარსობრივად ეს ადამიანები წარმოადგენენ ერთ გუნდს, „ნაციონალურ მოძრაობას“, შემდეგ მოხდა მათი დაყოფა, ჰქონდათ რაღაც განხეთქილება, თუმცა, საერთო ჯამში, ეს არიან ერთი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ შვილები, დღეს სხვადასხვა პარტიებად დაყოფილები. ასე რომ, საერთოდ არ მაინტერესებს, თუ რა ფორმულირებით იქნებიან ისინი წარმოდგენილი არჩევნებზე. ერთი რამ შემიძლია, ვთქვა, დღეს ყველაზე ძლიერი გუნდი, ვისაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა აქვს საქართველოში მოსახლეობის მხრიდან, არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წელს „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დამაჯერებელი ანგარიშით, ძალიან დიდი ანგარიშით. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც მივაღწევთ გამარჯვებას და 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც გავიმარჯვებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირების, ნიკა მელიასა და პეტრე ცისკარიშვილის განცხადებების შესახებ დასმულ კითხვაზე კალაძემ აღნიშნა, რომ ეს მათი პარტიული თემაა.
„ეს მათი შიდა დაპირისპირებაა, რაც უკვე სააშკარაოზე არის გამოტანილი. ეს ადამიანები თუ როგორ ესაუბრებიან ერთმანეთს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათი პარტიული თემაა და, რა თქმა უნდა, არ მინდა, ამ სიღრმეებში შევიდე. თვითონ გადაწყვიტონ, ვინც უნდათ, როგორც უნდათ. დღეს ხაბეიშვილი ჰყავთ წარმოდგენილი პარტიის ლიდერად, მეც მხარს ვუჭერდი ხაბეიშვილის გალიდერებას და ვნახოთ, თუ როგორ განვითარდება პროცესები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.