კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, 19 მაისს მთაწმინდის ამომრჩეველი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს
კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, 19 მაისს მთაწმინდის ამომრჩეველი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს

დარწმუნებული ვარ, 19 მაისს მთაწმინდის ამომრჩეველი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, რადგან ლადო კახაძე არის ადმიანი, რომლის პროფესია და მთავარი პრინციპი არის ადამიანზე ზრუნვა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლადო კახაძის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ლადო კახაძე მთაწმინდის რაიონში წარდგენა არ სჭირდება, რადგან ამ რაიონის მოსახლეობა კარგად იცნობს.

„დარწმუნებული ვარ, 19 მაისს მთაწმინდის ამომრჩეველი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, რომ მისი ეს ყოველდღიურობა გადავიტანოთ პოლიტიკაში და შეუერთდეს ჩვენს გუნდს. ბატონმა ლადომ ისაუბრა 2012 წლის შემდეგ ქვეყანაში განხორციელებულ ძალიან სასიცოცხლო რეფორმებსა და ცვლილებებზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ვამაყობთ ყველა ამ რეფორმით, მაგრამ ამით ვერ ვიქნებით კმაყოფილები. ქვეყანაში, ქალაქში გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, თუმცა, მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენ შევძლებთ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ. ჩვენ შევძლებთ გადავლახოთ ეს რთული ბარიერები. ეს არის პრობლემები, რომლებიც 20-25 წლის განმავლობაში გროვდებოდა ქვეყანაში და მჯერა იმის, რომ ერთად დგომით, ერთიანი ძალისხმევით, საზოგადოების ჩართულობით შესაძლებელია ამ პრობლემების მოგვარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქში მნიშვნელოვანია პროექტები ხორციელდება ყველა მიმართულებით და არც ერთი სფერო არ არის დარჩენილი, სადაც წინსვლა არ შეინიშნებოდეს.

„მე მესმის, რომ ამ ყველაფერს სჭირდება დრო, რათა დავინახოთ რეალური შედეგი. მინდა, ბატონ ლადოს წარმატებები ვუსურვო. მე ვიცი ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს მთაწმინდის მოსახლეობას, დაწყებული ინფრასტრუქტურიდან, დამთავრებული შენობა-ნაგებობების ავარიულობით და ა.შ. ჩვენ ძალიან ბევრი შეხვედრა გვაქვს მოსახლეობასთან, გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია და დარწმუნებული იყავით, ბატონო ლადო, რომ ამ ბრძოლაში არ ხართ მარტო. თქვენ უკან დგას ადამიანების ძალიან დიდი ჯარი, რომელსაც “ქართული ოცნება” ჰქვია, ადამიანები, რომლებსაც გული შესტკივათ თავიანთ ქვეყანაზე, თავიანთ ქალაქზე და თავიანთ რაიონზე. ჩვენ ერთად შევძლებთ ამ პრობლემების მოგვარებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.