კახა კალაძე - დარწმუნებულები ვართ, მეორე ტურში, როცა არჩევანი გასაკეთებელია ძალადობასა და თავისუფლებას შორის, აუცილებლად გავიმარჯვებთ
დარწმუნებულები ვართ, რომ მეორე ტურში, როცა არჩევანი გასაკეთებელია ძალადობასა და თავისუფლებას შორის, აუცილებლად გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„არჩევნების შედეგში ჩვენი ამომრჩევლის ნაკლები მობილიზაციის ერთ-ერთ მიზეზად იმასაც განვიხილავთ, რომ პარტიამ არ წარადგინა საკუთარი კანდიდატი და დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერამ შეასუსტა ჩვენი ამომრჩევლების მობილიზაციის პროცესი.
დარწმუნებულები ვართ, რომ მეორე ტურში, როცა ნათლად გამოიკვეთა ორი პოლუსი, როცა არჩევანი გასაკეთებელია სიცრუესა და სიმართლეს, ძალადობასა და თავისუფლებას შორის, მოხდება მაქსიმალური კონცენტრაცია და ჩვენ ერთად, აუცილებლად გავიმარჯვებთ საპრეზიდენტო არჩევნებში. რაც მთავარია, ერთად აუცილებლად დავძლევთ ყველა გამოწვევას“,- განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში, კვირა დღეს ჩატარდება. საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თამარ ჟვანიას განმარტებით, არჩვენების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების მაქსიმალური ვადა, კანონის მიხედვით, არჩევნების თარიღიდან 20 დღეა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის 3705 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3692+11 უბანი, რაც საერთო რაოდენობის 99.95 პროცენტია.
აღნიშნული უბნების მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს 615 403 ხმა აქვს, რაც ხმათა 38.63 პროცენტს შეადგენს, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 601 175 (37.74 პროცენტი).