კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების მეორე ტურში მარტვილი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს
დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების მეორე ტურში მარტვილი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მხარს დაუჭერს ქვეყნის განვითარებას და აღმშენებლობას, რასაც სათავეში ჩაუდგება კომპეტენტური, პროფესიონალი და პატიოსანი ადამიანებისგან დაკომპლექტებული გუნდი ალექსანდრე გრიგალავას ხელმძღვანელობით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში მერობის კანდიდატის მხარდამჭერ შეხვედრაზე განაცხადა.
კახა კალაძემ ალექსანდრე გრიგალავას მეორე ტურში წარმატებები უსურვა და მერობის კანდიდატს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა იყოს ძლიერი, მნიშვნელოვანია ძლიერი რეგიონები და სოფლები, შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომ არჩეული იყოს ადამიანი, ვინც თავის გუნდთან ერთად, მომდევნო წლების განმავლობაში, თავის მუნიციპალიტეტს ღირსეულად მოემსახურება.
შეხვედრაზე პარტიის გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისთვის 2012 წლიდან მოყოლებული ყველაზე მთავარი ღირებულება იყო, არის და იქნება ადამიანი და ყველა რეფორმა თუ პროექტი, რომელიც ამ წლების განმავლობაში განხორციელდა, უკავშირდებოდა მხოლოდ ადამიანის კეთილდღეობას და უკეთეს ცხოვრებას.
„შეიძლება რაღაცეები დროში გაიწელა, რაღაცეები მიმდინარეობის პროცესშია, თუმცა ჩვენ არასდროს, მთელი ამ წლების განმავლობაში შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია ჩვენი მოსახლეობისთვის, არავინ დაჩაგრულა, არავისთვის წაგვირთმევია. ჩვენ გვახსოვს წლები, როდესაც ღამის საათებში ნოტარიუსები იბარებდნენ ბიზნესმენებს და ართმევდნენ საკუთარ ქონებას, ბიზნესს. საბედნიეროდ, ჩვენ ყველამ ერთად, არჩევნების გზით, ეს წლები ჩავაბარეთ წარსულს და საქართველოში არასდროს და ვერასდროს ვერ დაბრუნდებიან საკუთარ მოქალაქეებზე მოძალადე ხელისუფლებები“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გენერალურმა მდივანმა დღეს არსებულ საარჩევნო გარემოზეც ისაუბრა და პროცესები დადებითად შეაფასა. „ნამდვილად მსიამოვნებს არსებული საარჩევნო გარემო. თუ გადავხედავთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს, კარგად დავინახავთ თუ რამხელა სხვაობაა 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლიდან. მეამაყება, რომ დღეს ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია თავისუფალ გარემოში აწარმოოს“, – აღნიშნა კალაძემ.