კახა კალაძე - დამწვარი სავაჭრო ცენტრის სახურავი მთლიანად მოიხსნება და დაიწყება აღდგენითი სამუშაოები
სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ აღდგენითი სამუშაოები ახლო მომავალში დაიწყება. ხანძრის ადგილზე დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მივიდა და მოვაჭრეებს გაესაუბრა.
მისი თქმით, დამწვარ სავაჭრო ცენტრში დასაქმებულ ადამიანებს, მუშაობის გაგრძელების საშუალება ექნებათ. ადგილზე ამ დროისთვის დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.
„როგორც კი დასუფთავდება ტერიტორია, მაშინვე დაიწყება დაშლა, მესამე სართულზე რაც დაიწვა, სახურავი მთლიანად მოიხსნება და დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. უახლოეს მომავალში ადამიანებს, ვინც აქ წლების განმავლობაში მუშაობდა, სრულყოფილად მიეცემათ მუშაობის შესაძლებლობა. მანამდე მათ, ვისი საქონელიც ხანძარს გადაურჩა, სხვა შენობა-ნაგებობებში გადაიყვანენ და იქ განაგრძობენ თავიანთ საქმიანობას“, – განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთან, კალაძის თქმით, ხანძრის შედეგად დამწვარ საქონელთან დაკავშირებით ბაზრობის ადმინისტრაციასთან ინდივიდუალური განხილვები მიმდინარეობს.
„ვისაც დაეწვა საქონელი, ინდივიდუალურად ხდება ადმინისტრაციასთან მათი საკითხის გავლა. იქნება მაქსიმალური დახმარება, თუნდაც ბანკებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რომ მათი კრედიტები გადავადდეს და შევუმსუბუქოთ მდგომარეობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ხანძარი ცაბაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ ში რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. დაიწვა დაახლოებით 5 000 კვ.მ ფართი.